მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროპა რუსულ ნავთობს ისევ ყიდულობს, მაგრამ ამის "დამალვას" ცდილობს"

6263f90539c95
BM.GE
23.04.22 16:48
2843
დასავლეთი რუსულ ნავთობს ისევ ყიდულობს, მაგრამ ახლა მისი ამოცნობა უფრო რთულია – ამ შინაარსის სტატიას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთმა ბოლო კვირებში მკვეთრად გაზარდა ნავთობის მიწოდება მისი მთავარი მომხმარებლებისთვის ევროპაში. მიწოდების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი არის წარწერები ტანკერებზე: "დანიშულების ადგილი უცნობია", შესაბამისად, რთულდება ამოცნობა, რომელი ქვეყნისკენ მიემართება რუსული პროდუქტი. გამოცემის ინფორმაციითვე, ექსპორტზე გასული ნავთობის თითქმის მესამედი სწორედ ასე იგზავნება – ტანკერების წინასწარი მიმართულება და მარშრუტი უცნობია.

ანალიტიკოსების აზრით, “დანიშნულების ადგილი უცნობია” – ამ ეტიკეტის გამოყენება მიანიშნებს, რომ გზაში რუსული ნავთობი უფრო დიდ გემებზე იტვირთება, ერევა სხვა ქვეყნების ტვირთს და მისი ამოცნობა რთულდება.

სტატიის ავტორს სტატისტიკა მოჰყავს და ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსული ნავთობის მიწოდებამ აპრილში დღეში 1.6 მილიონ ბარელს მიაღწია. The Wall Street Journal ეყრდნობა TankerTrackers.com–ის ინფორმაციას და აქვე აღნიშნავს, რომ მარტში ეს მაჩვენებელი დღეში 1.3 მილიონ ბარელს არ სცდებოდა.

როგორც გამოცემა წერს, ევროპა ვერ ამბობს უარს რუსულ პროდუქტზე, მაგრამ ამჯობინებს, რომ ჩუმად ივაჭროს, რამდენადაც რეპუტაციას უფრთხილდება. საქმე ისაა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანას არაერთი სანქცია დააკისრეს და ევროპამ განაცხადა, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

უკრაინული გამოცემები The Wall Street Journal–ზე დაყრდნობით წერენ, რომ მიუხედავად ინფორმაციის დახურვისა, დოკუმენტების უმეტესობაში მაინც შესაძლებელია იმ ქვეყნების მოძიება, საითაც რუსული ნავთობი იგზავნება. შესაბამისად, მათი ცნობით, აპრილში რუსული ნავთობის იმპორტი გაზრდილია საბერძნეთში, რუმინეთში, ესტონეთში, ფინეთსა და ბულგარეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები