"აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში" მიმდინარე წლის მაისში შექმნილი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას შეფასებით 2023 წელს ტურისტების სეგმენტი, გასულ წლებთან შედარებით შეცვლილია, რასაც რეგიონში არსებული არასტაბილური მდგომარეობა განაპირობებს. ამის შესახებ მან გადაცემა "საქმიან დილაში" მეორე კვარტალში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.
„ის რაც გვინდოდა და დავგეგმეთ, ნამდვილად არ არის. მოლოდინი გვქონდა, რომ ევროპიდან ტურისტების დიდ რაოდენობას მივიღებდით, თუმცა მათი ორგანიზებული ჯგუფები ვერ მივიღეთ. ამაზე იყო ჩემგან ყველაზე დიდი ფოკუსი, რადგან ტურისტული ჯგუფები ევროპიდან ნიშნავს, რომ უფრო ხარისხიანი, მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტი მოდის.
იმის, რომ ევროპელი ტურისტები ვერ მივიღეთ, გამომწვევი მიზეზი რეგიონში არსებული არასტაბილურობა - რუსეთ-უკრაინის ომია, რის გამოც საქართველოში მოგზაურობისგან ტურისტები თავს იკავებენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სეგმენტი არ გვყავს ისე აქტიურად, როგორც მოსალოდნელი იყო“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.
Rooms Hotel-ის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს დატვირთულობა თბილისსა და რეგიონებში განსხვავებულია. ვალერი ჩეხერიას განმარტებით, რეგიონებში ჯავშნების 30-35%-ს ქართველი ტურისტებზე მოდის.
„რეგიონებში მთლიანი დატვირთულობის 30-35% ქართველ მოგზაურებზე მოდის, შემდეგ მოდიან რუსი ტურისტები. გააქტიურებულია ტაილანდი, გალფის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია...
თბილისში განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ბიზნეს შეხვედრებისთვის, ზაფხულის სეზონის გამო, დაბალი სეზონი მოდის. სასტუმროები ევროპელი ტურისტებით უნდა დატვირთულიყო, მაგრამ ისინი არ ჩანან. ალბათ, დედაქალაქში ყველაზე მეტად არიან ტურისტები ისრაელიდან, გალფისა და არაბული ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს ჩეხერია BMG-ს ეთერში.
ვალერი ჩეხერიას საქართველოს ტურისტულ პოტენციალზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას კარგი მარკეტინგული შეფუთვა სჭირდება, რათა ქვეყანაში ტურისტების ნაკადი მოვიზიდოთ.
„საჭიროა, კარგი მარკეტოლოგების მუშაობა, რომლებიც ბაზარს დაამუშავებენ და გვეტყვიან, რა მიმართულებებში გვაქვს პოტენციალი, გვეტყვიან, რომ შეგვიძლია, თეატრის მიმართულება გავზარდოთ, ფილმების გადასაღებად მოვიწვიოთ ხალხი, ჩვენს უნიკალურ გამაჯანსაღებელ კურორტებზე სპა მიმართულება გავაძლიეროთ - ამ ყველაფერს კარგი შეფუთვა სჭირდება.
შემდეგ ბიზნესისთვის უნდა განისაზღვროს, რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, რა ტიპის საკვები ობიექტების გახსნაა საჭირო, ჯანსაღი კვების ზრდაც... და, რასაკვირველია, პირდაპირი ფრენების გაზრდაა საჭირო, რადგან თუ ტურისტს მიმოსვლა არ გავუმარტივეთ, მსოფლიო ტენდენციაა, რომ გრძელ მარშრუტებზე სიარული უჭირთ“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ტურიზმის შემოსავლებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც მიღებულმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 266 მილიონი შეადგინა.