მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაიზერის" აცრის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავეს

61aa0368c5741
მარიამ ვარადაშვილი
03.12.21 15:45
889
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცნით აცრის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობითვე, დაკავებულები არიან #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი.

“გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები”,-წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის ცნობითვე, ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ აუცრელი პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით.

“ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია #4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად”,-აცხადებენ სუს-ში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

“ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას, თუკი ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებულნი არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კანონით დადგენილი წესით არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი”,-წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები