დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქვეყანაში 29250 დოზა ვაქცინა შემოვა და ეს 14 ათასი ადამიანის აცრისთვის იქნება საკმარისი.
მან ვაქცინაციის უწყებარშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ.
„მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან, რადგან ეს არის Pfizer-ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება.
ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით დასჭირდება 2 კვირა.
„3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება - როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება. გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




























