მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაროსანას თუ მოვაშორებთ, ქართული თხილის ფასი 40%-ით გაიზრდება" - „ჯეო ნათსი“

63c256a015b5f
მარიამ დემეტრაშვილი
14.01.23 11:34
922
„ჯეო ნათსის“ დირექტორი ჯენერ ბელქანია BMG-სთან თხილის წარმოების სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა თხილზე, ნიგოზზე, ნუშსა და მსგავს პროდუქტებზე ფასის კლება განაპირობა, რის გამოც ბიზნესს პრობლემები შეექმნა.

„დიდი კრიზისია ყველა წარმოებას ეხება. თხილის შემთხვევაში ძალიან ცუდი სიტუაციაა. კრიზისია, მომხმარებელი ვერ ყიდულობს თხილს და მისი ფასი დაეცა. დაბალი ფასის გამო ჩვენს წარმოებასაც, სხვების მსგავსად, უჭირს. მსოფლიო ბაზარზე ფასი შემცირებულია არა მარტო თხილზე, არამედ მის კონკურენტ პროდუქტებზეც: ნუშზე, ნიგოზზე, მიწისთხილზე. წარმოებები ძირითადად ექსპორტს ახორციელებენ ევროპის ქვეყნებში და რადგან ევროპაში კრიზისია, თხილის ფასმა იკლო. გარდა ამისა, არის ჭარბი მოსავალი“, - თქვა ჯენერ ბელქანიამ გადაცემაში „საქმიანი დილა“.

მისივე თქმით, გარდა გლობალური მიზეზებისა, ქართულ თხილზე ფასის შემცირება მისმა დაბალმა ხარისხმაც განაპირობა. ის ამბობს, რომ დარგის მთავარი გამოწვევა ფაროსანასთან ბრძოლაა, რაშიც ფერმერები აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„ჩვენი მეზობელი ქვეყნების თხილთან შედარებით, ქართული თხილის ფასი განსაკუთრებით დაბალია. ჩვენი თხილის გამოსავლიანობა არის დაახლოებით 30%-იან ნიშნულზე, რაც მის ფასს განაპირობებს.

ქართულ თხილს 2015 წლიდან ფაროსანას შემოსვლის შემდეგ გაუჭირდა. სახელმწიფო მის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩართულია, მაგრამ ამ პრობლემას მხოლოდ სახელმწიფო ვერ მოაგვარებს, ჩართული უნდა იყოს მწარმოებელიც. ფაროსანას თუ მოვაშორებთ, ქართული თხილის ფასი დაახლოებით 40%-ით გაიზრდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ფერმერი უნდა მიხვდეს, რომ თავის ბაღში თავად უნდა ებრძოლოს ფაროსანას, რა თქმა უნდა სახელმწიფოს ჩართულობით“, - თქვა ჯენერ ბელქანიამ.

ცნობისთვის: 2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ თხილის რეალიზებით 89.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით ჩამორჩება. შედეგად იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ქვეყნიდან ექსპორტზე 21 456 ტონა თხილი გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ევროკავშირის ქვეყნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები