მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასები 30%-დან 50%-მდე შევამცირეთ" – Inn Group

607811ce61176
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.21 20:48
1045
სასტუმროები Bakuriani Inn-ი და Gudauri Inn-ი მარტის დასაწყისიდან დაწყებულ 2020-2021 წლის სათხილამურო სეზონზე 40%-50% დატვირთვით მუშაობდა და ახლაც აგრძელებს მუშაობას.

როგორც სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია BM.GE-სთან საუბრისას თვენახევრიანი ოპერირების შეფასებისას აღნიშნავს, გუდაურში თოვლი ჯერ კიდევ არის, შესაბამისად სათხილამურო სეზონი გრძელდება, ხოლო ბაკურიანის სასტუმრო დამტვერვის სეზონისთვის ემზადება, რაც დიდი პოპულარობით ადგილობრივებში სარგებლობს.

„სასტუმროები დაახლოებით 40%-50%-ით იყო დატვირთული. ზამთრის კურორტებზე, განსაკუთრებით ბაკურიანში დამსვენებლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. თუმცა გუდაურში უცხოელი ტურისტებიც გვყავს, მაგრამ ისინი საერთო დატვირთვის 5%-საც კი არ შეადგენდნენ. გარკვეული მოთხოვნები უცხო ვიზიტორების მხრიდან მაისიდან შემოდის“, - ამბობს ერეკლე კოკაია და აღნიშნავს, რომ დამსვენებლები უკრაინიდან და დუბაიდან სტუმრობდნენ. ამ დროისთვის კი მოთხოვნა ისრაელიდანაცაა.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა რომ სასტუმროების გახსნის შესაძლებლობა მხოლოდ სეზონის მიწურულს მიეცათ, ეს მათთვის შეღავათი იყო.

„არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ფასები საგრძნობლად, დაახლოებით 30%-დან 50%-მდე შევამცირეთ. შესაბამისად, დღეს ადგილობრივებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენება რეკორდულად დაბალ ფასად შეუძლიათ.

ყველაფრის მიუხედავად, სრული ჩაკეტვის ფონზე, გახსნა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შეღავათი იყო. თანამშრომლების დასაქმება მაინც შევძელით, მაშინ როდესაც აკრძალვების დროს ყველას გაშვება მოგვიწია. ამიტომ გააჩნია რას ვადარებთ. ის შედეგები არაა, რაც გვინდოდა, მაგრამ იმაზე უკეთესია, ვიდრე ზამთარში იყო“, - განმარტა ერეკლე კოკაიამ.

რაც შეეხება მოლოდინებს, ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები კვლავ არ გამკაცრდება „ზაფხულში ტურიზმი დიდი ალბათობით რაღაც დონეზე აღდგება“.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბერს დაწესებული ლოქდაუნის შედეგად ზამთრის კურორტებზე არსებულ ბიზნესებს ამოქმედების უფლება მხოლოდ 25 თებერვლიდან მიეცათ, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან ჩაირთო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნეს სუბიექტების არაერთი საპროტესტო აქცია და კურორტების გახსნის მოთხოვნით მთავრობისადმი მიმართვა უძღვოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები