3 მაისიდან ლურჯ მიკროავტობუსებში მძღოლის გვერდით დაჯდომა დასაშვები გახდა, ხოლო ფეხზე დგომით მგზავრობა კვლავ აკრძალულია - ამის შესახებ BM.GE-ის „თბილისის მიკროავტობუსში“ განუცხადეს.
საქმე ის არის, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ზოგიერთი ლურჯი მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრობისას 5 ადამიანის ფეხზე დგომის ნებართვას იძლევიან და აცხადებენ, რომ აქამდე ამ კუთხით არსებული შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა. აღსანიშნია, რომ bm.ge-ის თანამშრომელი ამ ფაქტს გუშინ თავადაც შეესწრო და ფეხზე დგომით იმგზავრა.
„ფეხზე დგომით მგზავრობა აკრძალულია; რაც შეეხება მიკროავტობუსში არსებულ წინა ორ ადგილს, მძღოლებს ამ ადგილების გამოყენების უფლება მიეცათ“, - უთხრეს bm.ge-ს მიკროავტობუსების მართვის კომპანიაში.
Bm.ge-ის კითხვას - მოქმედებენ თუ არა მძღოლები თვითნებურად - „თბილისის მიკროავტობუსში“ ზოგადად უპასუხეს: „აღნიშნული საკითხი მონიტორინგის საშუალებით გაკონტროლდება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს თბილისის მერმაც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიქსირდება ფაქტები, როცა მიკროავტობუსის მძღოლები სატრანსპორტო საშუალებაში ადგილის არსებობის მიუხედავად, მგზავრებს არ უჩერებენ. მან აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდება. კახა კალაძემ სატრანსპორტო სტრატეგიის ფარგლებში მძღოლების ფიქსირებულ ხელფასზე გადაყვანის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოდელი უფრო მართებულია.