მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფიქს თბილისი" - შეიქმნება აპლიკაცია, სადაც მოქალაქეებს ვანდალიზმის ფაქტებს ასახავენ

641ab074474fe
BM.GE
22.03.23 11:40
911
თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე - „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან.

„ფიქს თბილისი“ - ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას.

„საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

„მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს.

„აპრილში წარვადგენთ ამ აპლიკაციას ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების შესახებ და გაჩვენებთ ვიზუალურად. დღეს, მოქალაქეები როდესაც კონკრეტულ დაზიანებებს ნახულობენ, რეკავენ ცხელ ხაზზე, უღებენ ფოტოს, დედაქალაქის მერიას ნიშნავენ სოციალურ ქსელში, პირადად მეც მიგზავნიან მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, გვინდა ეს მიდგომები გავამარტივოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები