მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადავწყვიტეთ, კომპანიისთვის სახელი არ გაგვეფუჭებინა და რუსეთის ბაზრიდან გამოვედით" - "იწის წყალი"

637bc71c165e1
თინათინ ნატმელაძე
21.11.22 22:45
1102
მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „იწის წყალი’’ საექსპორტო ბაზრებს ეძებს. როგორც BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელი ვლადიმერ გურგენიძე ამბობს, აქამდე პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გაჰქონდათ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო კომპანიამ ბაზარი დატოვა და ახალ საექსპორტო ბაზრებს ეძებს. მისი თქმით, კომპანია პროდუქციის ექსპორტზე მოლაპარაკებებს კატარსა და გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებდა თუმცა მათგან დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. საექსპორტო ბაზრების გარეშე ოპერირების გაგრძელება კი კომპანიაში წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

„მოლაპარაკებებს ისევ ვაგრძელებთ, მაგრამ ჯერ შედეგი არ მიგვიღია. მოლაპარაკებას ხან ორი, ხან ერთი კვირით მუდმივად გვივადებენ, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. აქამდე ექსპორტს რუსეთთან ვაწარმოებდით, მაგრამ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო გადავწყვიტე, რომ კომპანიისთვის სახელი არ უნდა გამეფუჭებინა და რუსეთის ბაზრიდან გამოვედით. უკრაინასთანაც თითქმის ბოლომდე გვქონდა მიყვანილი მოლაპარაკებები, მაგრამ შემდეგ ომი დაიწყო და ესეც ჩაიშალა. იმედი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყო, კატარიდან და გაერთიანებული საამიროებიდან თავად დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ, შეამოწმეს ქარხანა, თან ის წყარო, საიდანაც "იწის წყალი" იქმნება, თავისი ქიმიური თვისებებით განსაკუთრებულია, ამიტომ დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური იყო, თუმცა მათაც პრობლემები შეექმნათ და საბოლოოდ სირთულეებში გავეხვიეთ“, - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად პროდუქციის რეალიზება მხოლოდ რაჭის რეგიონში ხდება, რადგან დისტრიბუციის ფასი გაზრდილია და რეგიონის გარეთ ტრანსპორტირება ზარალია, მცირე საწარმოს კი დამატებით გამოწვევასთან გამკლავების რესურსი არ აქვს. „იმის გამო, რომ მცირე საწარმო ვართ, წლიურად მცირე რაოდენობას ვაწარმოებთ და ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება ჩვენთვის არარენტაბელურია, ექსპორტის გარეშე წარმოებას ვერ გავაგრძელებთ,’’ - ამბობს იგი.

კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღემდე დიდ პრობლემად კადრების დეფიციტიც რჩება.

„ამჟამად ქარხანაში 15-18 ადამიანი დასაქმებული, მაგრამ რაჭაში ფაქტობრივად, მუშა-ხელი არაა.  4 ადამიანის თბილისიდან ჩამოყვანა მომიწია, რადგან აქ ფიზიკურად არ იყვნენ აღნიშნული პოზიციის შესაბამისი კადრები, თანაც, როცა წარმოება არასტაბილურია, კიდევ უფრო რთულია ადამიანების დასაქმება, რადგან მინიმალური ხელფასით მაინც უნდა უზრუნველყო, ჩვენ კი ახლა დამატებითი ხელფასის გამოყოფის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - ამბობს ვლადიმერ გურგენიძე.

ცნობისთვის: “იწის წყალი” 2018 წელს ამბროლაურის რაიონში 2 მილიონი ლარის ინვესტიციით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფუძნდა. კომპანიამ სააგენტოს პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და მიწა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები