ზაფხულის ბოლოს, როცა რაჭა დამსვენებლებისგან იცლება და მხოლოდ ადგილობრივები რჩებიან, ლოკალური ბიზნესებისთვის მომხმარებლის რიცხვი ლოგიკურად მცირდება. კლიენტების სიმცირე უკვე დაეტყო "ტაქსუნას", რომელიც რაჭაში ტაქსის გამოძახების პირველი სერვისია. რამდენიმე თვის წინ ამოქმედებული კომპანიის დამფუძნებელი ზუკა ნატმელაძე BM.GE-ს უყვება, რომ ზაფხულთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა 85%-ით შეუმცირდათ.
მისივე თქმით, გამოძახებების საგრძნობმა კლებამ მუდმივად დასაქმებული მძღოლების რაოდენობაც შეამცირა - ზაფხულში თუ 20 მძღოლს ასაქმებდნენ, ახლა მათი რიცხვი 5-მდე შემცირდა.
"ზაფხულში ძალიან ინტენსიური მუშაობა გვქონდა; მომხმარებელიც ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან რაჭაში მსგავსი სერვისი პირველად ამოქმედდა, დღეში 20-30 გამოძახებას მაინც ვიღებდით, თუმცა მას შემდეგ, რაც რაჭა დამსვენებლებისგან დაიცალა, გამოძახებების რაოდენობა 85%-ით შემცირდა, რადგან მხოლოდ ადგილობრივები დარჩნენ, რომლებიც ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან ან არ აქვთ იმის რესურსი, რომ ტაქსის სერვისით ისარგებლონ. ამ პროცესმა მუდმივად დასაქმებული მძღოლების რაოდენობაც შეამცირა, ზაფხულში თუ 20 ადამიანს ვასაქმებდით, ახლა მხოლოდ 5 მძღოლი გვყავს, რადგან ფიზიკურად არ არის მეტი გამოძახება", - აცხადებს ზუკა ნატმელაძე.
"ტაქსუნა" ზამთრის სეზონს პირველად ხვდება. იციან, რომ ამინდის გაუარესებასთან ერთად მომხმარებლის რაოდენობა კიდევ უფრო დაიკლებს, თუმცა საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ და მომავალი ზაფხულის სეზონისთვის უფრო მეტი მძღოლის დასაქმებასაც გეგმავენ.
რაც შეეხება "ტაქსუნას" მომსახურების საფასო პოლიტიკას, ის იმის მიხედვით იცვლება თუ საიდან სად სურს მგზავრს გადაადგილება. ზუკა ნატმელაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ძირითადი მოთხოვნა რაჭის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებაზე მოდის, სადაც უმეტესწილად რთულად მისასვლელი გზაა, ამ დროს მომსახურების ტარიფიც იზრდება.
"არის ისეთი ადგილები, სადაც ორი კილომეტრის გავლას ერთ საათს ან მეტს მოანდომებ, ამიტომ ამ დროს ტარიფიც უფრო მეტია, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი სერვისი ერთ კილომეტრზე 1 ლარიდან 1.90 ლარის ფარგლებში მერყეობს’’, - ამბობს "ტაქსუნას" დამფუძნებელი.