მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოიკვეთა ბარიერები, რომელიც ქალებს, კაცი მეწარმეებისგან განსხვავებით, ხვდებათ"

637285d7445f8
BM.GE
14.11.22 22:45
512
„სახელმწიფომ პოლიტიკის დონეზე უნდა გააცხადოს, რომ პოლიტიკური პრიორიტეტი ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა, რისი კომპონენტიც ფინანსურ რესურსებზე წვდომაა და მერე განსაზღვროს ამ პოლიტიკის ეფექტური დანერგვის ინსტრუმენტები და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყება“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში შემუშავებულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელა.

საბჭოს წევრის და თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათობით მეწარმე ქალთან, თემის ლიდერებთან და სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრების, არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა პრაქტიკასა და სახელმწიფო სპეციალური პროგრამების გაცნობის, სახელმწიფო უწყებების და მუნიციპალიტეტების მოსმენის შემდეგ გამოიკვეთა საკვანძო მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა.

„მიგნებების ერთი ჯგუფი შეეხება იმ ბარიერებს, რომელებიც ქალებს, კაცი მეწარმეების განსხვავებით, ხვდებათ ბიზნესის დასაწყებად ფინანსური რესურსის მოპოვების ან ბიზნესის გაფართოების, ასევე, ახალ ბაზრებზე გასვლის და მეტი ადამიანის დასაქმების დროს.

მიგნებების მეორე ჯგუფი არის ზოგადი ხასიათის, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის პრობლემაა. მაგალითად, საჯარო ტრანსპორტი ბევრ მუნიციპალიტეტში ვერ მუშაობს გამართულად და ეს ყველასთვის პრობლემაა, მაგრამ ზოგად პრობლემასთან ერთად განსაკუთრებით მძიმეა ქალებისთვის იმიტომ, რომ როგორც სტატისტიკითაა დადასტურებული, ქალების უდიდესი ნაწილი არ ფლობს კერძო სატრანსპორტო საშუალებას და მეტად არის დამოკიდებული საჯარო ტრანსპორტზე.

მიგნებები ასევე მიემართება ზრუნვის სერვისებს და საშინაო შრომის არათანაბარ განაწილებას იმიტომ, რომ ბიზნესის დაწყების და განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი რესურსი, ფინანსებთან ერთად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს არის დრო, დრო განვითარებისთვის, სწავლისთვის, სწორი ბიზნეს-გეგმის შედგენისთვის და შემდეგ მისი შესრულებისთვის“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა იგივე მეთოდიკით იმუშავა რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

„არის რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება ზოგადი გარემოს გაუმჯობესებას და არის რეკომენდაციები, რომლებიც ქალებისთვის გაზრდის უშუალოდ ფინანსურ რესურსებზე წვდომას და ეს რეკომენდაციები მიემართება უწყებებს, მათ შორის, ეროვნულ ბანკს, როგორც კერძო ბანკების მარეგულირებელს, ასევე სახელმწიფო უწყებებს, დაწყებული პარლამენტიდან გაგრძელებული აღმასრულებელი ხელისუფლებით. არის შედარებით მოკლევადიანი და ასევე, გრძელვადიანი რეკომენდაციები, რომლებიც ერთ და ორ წელიწადში სისტემურად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ დღესვეა დასაწყები სამუშაო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს შესაბამისი სისტემების გარდაქმნა, რომ მან გაითვალისწინოს მოქალაქეების საჭიროებები“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები