მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გროში" ექსპორტის გაზრდას გეგმავს

634e616e6ea60
მარიამ იზორია
18.10.22 12:46
1449
ნატურალური ტყავისგან ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი „გროში“ ექსპორტის გაზრდას გეგმავს. როგორც „გროშის“ დამფუძნებელი გიორგი გურგენიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ამ დროისთვის ბრენდი საერთაშორისო გაყიდვებისთვის პლატფორმა Etsy-ის იყენებს, სამომავლოდ კი „გროში“ Amazon-ისა და E-bay-ს ათვისებას განიხილავს.

„ჩვენი ბრენდის სამომავლო გეგმა ექსპორტის გაზრდას და უფრო დიდ ბაზარზე გასვლას მოიცავს. ამჟამად ექსპორტისთვის Etsy.com-ის საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ, რისი მეშვეობითაც უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის, გაყიდვის, მიწოდების ცოდნა და გამოცდილება დავიგროვეთ. სამომავლოდ კი, ვფიქრობთ, სხვადასხვა პლატფორმის ათვისებას, როგორიც, მაგალითად, Amazon.com და Ebay-ა.

ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად სიახლეები შევთავაზოთ. ეტაპობრივად ბრენდის ცნობადობის გაზრდა და წარმოების გაფართოება მოხდა. საწყის ეტაპზე სოციალური ქსელის დახმარებით გავაცანით საზოგადოებას ჩვენი ნამუშევრები, დროთა განმავლობაში კი დავამატეთ ვებ-გვერდი და შოურუმი, სადაც შესაძლებელია სასურველი მასალის შერჩევა ან უკვე დამზადებული აქსესუარების შეძენა. ჩვენ მიერ დამზადებული აქსესუარები იკერება და მუშავდება ხელით, რაც მის გამძლეობასა და ვიზუალურ მხარეზე ისახება“, - ამბობს გიორგი გურგენიძე.

“გროში“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობს. სტარტაპს ბანკმა საჭირო დახმარება გაუწია, კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია აღჭურვილობასა და საბრუნავ საშუალებებს მოხმარდა.

„საქართველოს ბანკთან პერიოდულად ვთანამშრომლობთ და მათი მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს. მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპ კომპანიების განვითარებისთვის“, - განმარტავს ის.

ცნობისთვის, „გროში“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. ბრენდი ტყავის ჩანთებისა და საფულეების გარდა, სამაჯურებს, საბარათეს და სხვა აქსესუარს აწარმოებს. „გროში“ აქსესუარების წარმოებაში ბუნებრივ მასალებს იყენებს.

სტარტაპის სახელოსნო ალექსანდრე გრიბოედოვის 30 ნომერში მდებარეობს. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, საფულეების ფასი 75 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. ჩანთები კი 180 ლარიდან 650 ლარამდე ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები