მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გურია ფიშში" 25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდება

602683ef0e3db
ინგა მურუსიძე
12.02.21 22:22
3794
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს გურიაში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსებულ სალიფსიტე მეურნეობაში, „გურია ფიშში“ იმყოფებოდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სალიფსიტე მეურნეობაში, რომელიც 1 500 000 ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსდა, მთავრობის მეთაური წარმოების პროცესს გაეცნო. საწარმოში ამ დროისთვის განხორციელებულია 1 200 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო საბოლოო ეტაპზე კომპანია ჯამში 25 000 000 ევროს მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.

Bm.ge „გურია ფიშის“ დირექტორს, ალექსანდრე ტოტოჩავას ესაუბრა. მისი თქმით, სალიფსიტე მეურნეობაში 25 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციის განხორციელება 5 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ტოტოჩავა განმარტავს, რომ დაგეგმილია საწარმოს გაფართოვება და ნორვეგიული ორაგულის გაზრდა ზღვის წყლის პირობებში, რისთვისაც აუზის მშენებლობა სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება.

„ჩვენ ვართ სალიფსიტე მეურნეობა, რომელიც გაფართოებას გეგმავს და ჩვენი ლიფსიტი, ნორვეგიული ორაგული გვინდა ზღვის წყალში გადავიყვანოთ და იქ გავზარდოთ. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ჩვენი ლიფსიტები, ალბათ 12 ტონა წელიწადში. რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა, თუმცა როცა პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და როცა ორაგულს გავზრდით საექსპორტო წონამდე, მერე გავიტანთ ექსპორტზე.

რაც შეეხება პროექტს, ვგეგმავთ აუზის მშენებლობას, რომელშიც ზღვის წყალი იქნება და იქ გავზრდით ნორვეგიულ ორაგულს. ამჟამად პანდემიამ შეგვიშალა ხელი პროექტის განხორციელებაში, თუმცა ნელ-ნელა ვიწყებთ სრულყოფილად მუშაობას და შესაბამისად, აუზის აშენებას. ზღვასთან გვაქვს საქმე და ამინდმა ხელი უნდა შეგვიწყოს“, - განაცხადა ტოტოჩავამ.

საწარმოს დირექტორის თქმით, საბოლოოდ, როცა პროექტის განხორციელება დასრულდება და ლიფსიტები გაიზრდებიან 4-5 კილომდე, მუშაობა დაიწყება თევზის ექსპორტზე.

„ჯამურად წელიწადში 1000 ტონა თევზი უნდა მივიღოთ“, - ამბობს ტოტოჩავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები