მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვესმის საყვედურები: "რა გახდა ტექნიკური მარილის დაყრაო" - "თბილსერვისი" კრიტიკას პასუხობს

63bfc07955db6
თათია ჩაფიჩაძე
12.01.23 12:32
6174
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის დავით ფაჩულიას განცხადებით, იმ ქუჩების 90%, რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება, გაწმენდილია. ფაჩულია ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალური რესურსით მუშაობს გზების გაწმენდითი სამუშაოებისთვის, თუმცა გუშინ ღამით დაფიქსირებული ძლიერი ყინვის გამო გადაადგილება გართულებულია, როგორც თბილისის ცენტრალურ, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე. საკითხზე მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

ფაჩულია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისგან, რაც საავარიო სიტუაციებს ქმნის და ადგილზე სპეცტექნიკის მისვლას ართულებს.

“თბილსერვის ჯგუფი 24 საათის განმავლობაში ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, ვცდილობთ გავწმინდოთ პირველი კატეგორიის გზები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭიროა, შემდგომ უკვე იწმინდება სხვა ქუჩები საპატრულო პოლიციასთან და ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით. თუმცა პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩები, სადაც ტრანსპორტი გადაადგილდება.

გუშინ ღამე იყო ყინვა -7, შემოერთებულ უბნებში იყო -10 გრადუსიც, მთელი ღამე არ გავჩერებულვართ, თბილსერვისის 350 თანამშრომელია ჩართული ამ საქმეში, 30 სპეცტექნიკა მუშაობს.

გვსმენია საყვედურები „ტექნიკური მარილის დაყრა რა გახდაო“, მაგრამ ერთხელ დაყრა არ შველის, ამას სჭირდება მანქანების გადაადგილება და პერიოდულად დაყრა", - განაცხადა ფაჩულიამ.

მისი თქმით, პრეტენზია ნაწილობრივ სამართლიანია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოქალაქეები ლიპყინულიანი გზისთვის შეფერებელი საბურავების მქონე ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

"ყველაფერი ერთად ქმნის პრობლემას, მნიშვნელოვანია მოქალაქეების თვითშეგნება და გვერდში დგომა. სტიქია არ გრძელდება 2 და 6 თვე, არის 2-3 დღიანი, მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ და გაუმართავი ავტომანქანით არ უნდა ვიაროთ.  საავარიო სიტუაციას იქმნება, როდესაც მოლიპულია გზა და გაუმართავია მანქანა. ეს ქმნის მერე საცობს და გვიჭირს ადგილზე მისვლა.

ჩვენ წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, წელს და შარშან როგორი თოვაც იყო, ასეთი ბოლო წლებში არავის ახსოვს, სტიქიისთვის რაოდენობრივად ვერავინ ვერ მოემზადება თვეების განმავლობაში, მაქსიმუმ 1 კვირით ადრე ვიცოდეთ კლიმატური პირობების შესახებ. ჩართულია სრულად "თბილსერვისი", უბრალოდ წარმოუდგენელია იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც მოქალაქეებს აქვთ. ბევრი ადგილია ისეთი, სადაც ვერ დაიყრება ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე მარილი. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადაც გადაადგილდება (და არა ავტოტრანსპორტი), იმ ქუჩების 90%-ზე მეტი გაწმენდილია. სადაც ტექნიკით ვერ მივდივართ, ხელით ვყრით. რა რესურსიც არის, ყველა ჩართულია. რეაგირებაზე მისვლა ხდება 15 წუთის, ნახევარი საათის, 40 წუთის მერე, გააჩნია სად ვართ მისასვლელები", - აღნიშნა მან.

ფაჩულიას ინფორმაციით,გაწმენდითი და მარილის მოყრის სამუშაოები ტარდება თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზეც. "ბოლო დღეებში ნუცუბიძის მიმართულება იყო უფრო პრობლემური, ვიდრე წყნეთი. ვმოქმედებთ საჭიროების მიხედვით“, - განაცხადა ფაჩულიამ.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები