მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰარვიტამ" კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო - ინვესტიცია 5 მლნ-ია

63908494940ba
მარიამ იზორია
11.12.22 15:13
2440
სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებელმა კომპანია "ჰარვიტამ" კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო, ამისთვის კი სრულიად თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო აამოქმედა. წარმოების სრული ციკლი ადგილზე მიმდინარეობს, ადგილზევე ხდება სოკოს გაზრდა და შემდგომ სარეალიზაციოდ გამზადება.

როგორც “ჰარვიტას” დამფუძნებელი ვანო იოსელიანი bm.ge-სთან ამბობს, პროექტში 5 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო და ადგილზე 40 ადამიანი დასაქმდა. მისივე თქმით, წარმადობა წელიწადში 400 ტონა სოკოა, საწარმო სიმძლავრეების ხარჯზე კი წარმადობა 800 ტონას მიაღწევს.

“ჩვენი წარმადობა წელიწადში 400 ტონა სოკოა. საწარმო სრულად თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და დღემდე 5 მლნ-ია ინვესტირებული. უკვე 35 ტონამდე მოსავალი მივიღეთ. სოკოს ქსელებს და რესტორნებს ვაწვდით”, - აღნიშნავს ის.

ვანო იოსელიანი bm.ge-სთან კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი განმარტებით, წარმადობა 800 ტონამდე უნდა გაიზარდოს, რის შემდეგაც ექსპორტსაც დაიწყებენ.

“წარმადობას 800 ტონა სოკომდე გავზრდით. გეგმაში გვაქვს ექსპორტიც და ამისთვის მოლაპარაკებების პროცესი უკვე დავიწყეთ. 2023 წლის დასაწყისში გვინდა უცხოურ ბაზრებზეც გავიდეთ, სოკო მთხოვნადი პროდუქტია, ვფიქრობთ, თურქეთში, სომხეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავიტანთ”, - ამბობს ის.

ცნობისთვის, "ჰარვიტა" აგროჰოლდინგია, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და აერთიანებს განსხვავებულ მიმართულებებს. ესენია: ლურჯი მოცვისა და სოკოს წარმოება, მეხორცული ფერმა და ბიო მეურნეობა, მათ შორის, ყველის წარმოებას, აგრო, ეკო და გასტროტურიზმს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები