მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი ესტონეთიდან ჩამოგვყავს“ – "ბუტრანამ“ ახალი ფერმა ააშენა

61a77ccd0875b
ინგა მურუსიძე
02.12.21 17:15
3152
ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანამ“ კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკროზონა ბუტრანაში ახალი ფერმის აშენება უკვე დაასრულა.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა, ახალი ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ლარია, რომლის ნაწილი ფერმერმა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ბანკიდან მოიზიდა.

მისივე თქმით, ფერმაში, რომელიც ძველი ფერმის ადგილას აშენდა, ჯამში, 70-მდე სული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები ეყოლებათ. „საქონელი ესტონეთიდან ჩამოგვყავს“, - თქვა ფერმერმა. 

„ახალი ფერმის ამოქმედების შემდეგ წარმოება მნიშვნელოვნად გაგვეზრდება, დაახლოებით, 20-25-ჯერ. ახლა ყოველდღიურად 200 ლიტრ რძეს ვაწარმოებთ, ხოლო მომავალ წელს ეს მოცულობა დღიურად 3-4 ტონამდე ავა, რაც ბუნებრივია, მეტი ყველის წარმოების საშუალებას მოგვცემს. კითხვაზე - რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა ჩვენი ყველი, ვუპასუხებდი, რომ პროდუქცია 100%-ით ნატურალური და ხარისხიანია“, - ამბობს ჯემალ ხატიაშვილი, რომელმაც „ბუტრანას“ კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქონლისთვის საკვებს ადგილზე აწარმოებენ.

აღსანიშნია, რომ „ბუტრანა“ ამ ეტაპზე 20-მდე სახეობის ყველს აწარმოებს. ევროპული ყველეულიდან უკვე აწარმოებენ მოცარელას, 2022 წლიდან კი ახალ სახეობებსაც დაამატებენ - საუბარია კამემბერისა და ლურჯი ყველის წარმოების დაწყებაზე.

„წარმოება იზრდება და რეალიზაციის იმედი გვაქვს, ვინაიდან მოთხოვნა იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე მიწოდებას ვახერხებთ“, - თქვა bm.ge-სთან ჯემალ ხატიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლება სურთ“.

„ვფიქრობთ, ამის შესაძლებლობა გვაქვს“, - ამბობს „ბუტრანას“ დამფუძნებელი, რომლის შორეულ გეგმებშიც საქართველოში წარმოებული ყველის ექსპორტიც შედის.

ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანა“ ამ ეტაპზე 30-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები