მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ი-სპეისი" წელს ელექტრომობილების კიდევ 20 დამტენს დაამონტაჟებს - რა გამოწვევის წინაშეა კომპანია?

64887754a9510
ლიკა გურაბანიძე
13.06.23 23:25
1602
კომპანია "ი-სპეისი" წელს საჯარო მოხმარების 20 ელ.მობილის დამტენს დაამონტაჟებს. კომპანიის გენერალური დირექტორი დავით იოსავა აღნიშნავს, რომ ამის საჭიროება ბოლო წლებში ელექტრომობილებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

“ამ ეტაპზე თბილისიდან ბათუმამდე 200-ზე მეტი კერძო და საჯარო მოხმარების დამტენია დამონტაჟებული და მას წელს კიდევ 20 დაემატება”, - განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში “ი-სპეისის”, ასევე სხვადასხვა კერძო ბიზნესის ჩართულობამ შედეგი გამოიღო და დასამუხტი სადგურების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანაში მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს და მათი დატენვა მფლობელებს არ გაურთულდეთ, ქვეყანაში ახალი დასამუხტი სადგურების დამატება მნიშვნელოვანია.

“ერთი კომპანია, ისეთი როგორიც ჩვენ ვართ, მთელი ბაზრის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ დამტენების ფასები ცვალებადია და ის ძვირდება. კერძო ბიზნესებს ამ დამტენების ჩამოტანა და იმპორტი შეუძლიათ, ხოლო ჩვენ მათ “ი-სპეისის” აპლიკაციაში ჩავრთავთ. შესაბამისად, მათ ცალკე პროგრამების დაწერა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა, რადგან ძალიან რთულია დამტენის დამონტაჟებისთვის ნებართვის აღება. დღეს ძალიან ბევრი ბიუროკრატია უნდა გადალახო იმისათვის, რომ  კონკრეტულ ადგილზე დამტენის დამონტაჟების უფლება მოგცენ. თუ ქვეყანაში დამტენების რაოდენობა მოიმატებს, ეს ელექტრომობილების  რაოდენობას გაზრდის, რადგან მათი დატენვა მფლობელებისთვის უფრო მეტ ადგილზე შესაძლებელი გახდება”, - განმარტა იოსავამ.

ი-სპეისი დაარსდა 2016 წელს და ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში დაამონტაჟა ორი საჯარო მოხმარების ელ.მობილის დამტენი . 2017 წელს, ასევე პირველად საქართველოში, "ი-სპეისმა" დაამონტაჟა სწრაფი დამტენები. კომპანია მუდმივად ანვითარებს დამტენების ქსელს და დამტენებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ი-სპეისმა შექმნა აპლიკაციის ბიზნეს მოდული, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, შექმნან საკუთარი დასამუხტი სადგურების ქსელი და გამოიმუშაონ თანხა.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, მსოფლიოში ელექტრო მანქანების გაყიდვები რეკორდულ ტემპებს აღწევს. 2023 წლის 4 თვეში, ქვეყანაში 15.9 მილიონი დოლარის ღირებულების 545 ერთეული ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილი შემოვიდა, რაც წელიწადის ამ დროისთვის დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია. საიმპორტო ღირებულება წინა წლის მაჩვენებელს, 4.97 მილიონ დოლარს, 220%-ით აღემატება. რაოდენობა კი 2022 წლის 177 ერთეულიდან 208%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები