რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში დარღვევებია აღმოჩენილი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე განმარტავს, კლინიკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დარღვევები სასწრაფოდ გამოასწოროს.
„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ შეამოწმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით. გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გასწორება, შესაბამისად, შეჩერებულია ამ ეტაპისთვის დროებით სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულების. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს იაშვილის კლინიკასთან, რომ დავეხმაროთ პაციენტების რეფერირებაში შესაბამის კლინიკებში“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას დღეიდან დროებით აჩერებს.