კახეთში, სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან პირველი ტურისტული ობიექტი გაიხსნა.
„ვილაჯიო“ ეს არის კომპლექსი, რომელიც 10 ეკომეგობრულ კოტეჯს, რესტორანსა და ვერანდას აერთიანებს. გარდა ამისა, ადგილზე დამსვენებელს ულამაზესი ხედები, უგემრიელესი კერძები, ღვინო და რაც მთავარია მშვიდი გარემო დახვდებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ სტუმრებს „ვილაჯიოს“ ეზოში მოყვანილი ბოსტნეული და ოჯახური წარმოების ხორცი დახვდებათ.
„ვილაჯიოს“ დამფუძნებელი 21 წლის სტუდენტი რატი ტოკლიკაშვილია, რომელმაც ბიზნესიდეის განხორციელება ოჯახთან ერთად დაიწყო. როგორც ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ყვება, ყველა პროცესში ოჯახის წევრები ერთად იყვნენ ჩართულები, მათ შორის, კოტეჯების აწყობაც ისწავლეს.
„როდესაც პანდემია დაიწყო, თბილისში გაჩერება არ შეიძლებოდა, დავიწყეთ კოტეჯების შენება. მშენებლობის პროცესი ერთი წელი მიმდინარეობდა, ჩვენვე ავაშენეთ და ვისწავლეთ კოტეჯების აწყობა. მთავარი ინსპირაცია ხედები იყო. გვინდოდა კომპლექსი ბუნებასთან მაქსიმალურად ყოფილიყო შერწყმული. კოტეჯები პანორამულია - საძინებელი, კედლები, ჭერი ყველაფერი მინის არის.
დამსვენებლებს შორის ძირითადად ქართველები არიან. სტუმრებს მშვიდი გარემო, სუფთა ჰაერი მოსწონთ. ჩვენთან საკვებიც ნატურალურია - დამსვენებელს შეუძლია მის თვალწინ მოყვანილი პროდუქტი მიირთვას. ამას დიდ უპირატესობას ანიჭებენ“, - ამბობს „ვილაჯიოს“ დამფუძნებელი.
რატი ტოკლიკიშვილს მშენებლობის პროცესში უამრავი სირთულე შეხვდა, მათ შორის პანდემიის გამო თითქმის 100%-ით გაძვირებული სამშენებლო მასალები იყო. როგორც თავად ამბობს, ამ პერიოდში გადამწყვეტი როლი თიბისი ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა, კერძოდ, „ვილაჯიო“ თიბისის სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა.
„მთავარი დაბრკოლება პანდემიის გამო გაძვირებული სამშენებლო მასალები იყო. ამ დროს თიბისი ბანკის დახმარება დაგვჭირდა. მათ გარეშე პროექტის დასრულება შეუძლებელი იქნებოდა და „ვილაჯიო“ საერთოდ ვერ იფუნქციონირებდა. რადგან მასალების ფასებმა თითქმის 100%-ით მოიმატა“ - აღნიშნავს ის.
„ვილაჯიოს“ დამფუძნებელი პროექტის მთავარ წარმატებად რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს. კომპლექსი უკვე 13 ადამიანს ასაქმებს.
„ჩვენს სოფელში რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. იმედია „ვილაჯიოს“ ამბავი მათ აქ დარჩენის და საქმის წამოწყების მოტივაციას მისცემს“, - განმარტავს რატი ტოკლიკაშვილი.
„ვილაჯიოს“ მთავარი გეგმაა არ შეწყვიტოს განვითარება. სწორედ ამიტომ, კომპლექსის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში დახურული აუზი, სპა ცენტრი, გასართობი სივრცე მოეწყობა.