კომპანია Guria Fish Farming-ი ნორვეგიული ორაგულის მეურნეობას აშენებს, სადაც 70-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. თუმცა, როგორც Bm.ge-სთან კომპანიის დირექტორმა, ვანო დობორჯგინიძემ განაცხადა, შესაბამისი კადრის, კერძოდ კი იქთიოლოგის (თევზის სპეციალისტი) მოძებნა უჭირთ, რის გამოც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის დამატებითი ინვესტიციის ჩადება კომპანიას უწევს.
„გამოცდილი კადრები დიდი პრობლემაა, ამიტომ იქთიოლოგის და თევზის მიმართულებით მომუშავე ადამიანებს ჩვენ თვითონ ვზრდით და ვასწავლით რა, როგორ უნდა გააკეთონ. ფაქტობრივად კადრი არ არის და თანამშრომლების კვალიფიკაციისთვის ინვესტირება კომპანიას უწევს. გვინდა თანამშრომლები სასწავლებლად საზღვარგარეთ გავუშვათ, რომ საქართველოში ეს დარგი მეტად გაითავისონ. იქთიოლოგიის კუთხით რამდენიმე ახალგაზრდის მომზადებას ნორვეგიაში ვაპირებთ, რათა შემდეგ მათ აქ სხვას ასწავლონ და ასე ჯაჭვურად განვითარდეს ეს პროცესი.
ნორვეგიული ორაგულის მეურნეობის მშენებლობა ხუთ ეტაპს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ 70 ადამიანამდე დასაქმებას ვგეგმავთ. პირველი ეტაპისთვის იქთიოლოგის მიმართულებით 2 კადრია საჭირო და წარმოების ზრდასთან ერთად თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება“, - ამბობს ვანო დობორჯგინიძე და დასძენს, რომ Guria Fish Farming-ი პირველ ეტაპზე 700 ტონა ორაგულის წარმოების გეგმავს.

























