მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯეო-ნათსის” დირექტორი: შარშანდელთან შედარებით თხილის 2-ჯერ მეტი მოსავალი გვაქვს

5f587ce24da44
ლიკა გურაბანიძე
09.09.20 11:26
930

კომპანია “ჯეო-ნათსის” დირექტორმა ჯენერ ბელქანიამ “საქმიან დილაში” თხილის წლევანდელ მოსავალზე საუბრისას განაცხადა, რომ გასულ წელთან შედარებით მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

მისი თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით თხილის მოსავალი გაორმაგებულია. ასევე, გაუმჯობესებულია თხილის ხარისხი.


"დაახლოებით, 1000 ტონაზე მეტი თხილია მიღებული, გადამუშავებული და ექსპორტზე გაგზავნილი. შარშანდელთან შედარებით თხილის 2-ჯერ მეტი მოსავალი გვაქვს. პროდუქციას ისეთ იტალიურ კომპანიას ვაწვდით, როგორიც “ფერეროა” და ეს თხილის ხარისხს ხაზს უსვამს. მკაფიო გეგმა გვაქვს, რომ საექსპორტო ათეულში მესამე, მეოთხე პოზიცია დავიბრუნოთ. მოსავლის ზრდასთან ერთად როგორც მსხვილი, ასევე წვრილი ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსაყვანად მზად არიან. ეს საშუალებას იძლევა, რომ ქართული თხილის ხარისხი ევროპაში მოწინავე რიგებს დაუბრუნდეს",  - განმარტა ბელქანიამ.


“ჯეო-ნათსის” დირექტორის თქმითვე, ის წელს თხილის ფასის სტაბილურობას პროგნოზირებს, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად ფასზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ვერ მოხდება. 

“თურქეთი არის პირველი ქვეყანა, რომელიც თხილის დიდ რაოდენობას აწარმოებს და მას, ჯერჯერობით, კონკურენციას ვერ ვუწევთ, ასევე, ის მსოფლიოში ფასის განმსაზღვრელია და რა ფასსაც თურქეთი დაადგენს, შესაბამისად, საქართველოშიც ის ფასი იქნება”, - აღნიშნა ჯენერ ბელქანიამ. 

ცნობისთვის: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასული კვირის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 81%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები