მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონში უნდა ჩაიწეროს ვინ მიიღებს შეღავათს, რათა სამშენებლო ბიზნესი არაკონკურენტულ გარემოში არ აღმოჩნდეს" - წაქაძე

617fb61cd551a
ინგა მურუსიძე
01.11.21 22:10
699

პარლამენტში „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.

საკითხი დღგ-სგან გათავისუფლების ვადის გაგრძელებას ეხება იმ მშენებარე ობიექტებისთვის, რომლებიც 2008 წელს, 8 აგვისტოს ომის შემდგომ აგრძელებდნენ საქმიანობას. თუმცა მათგან გარკვეულმა ობიექტებმა კონსტრუქციული კოროზია განიცადა და სავალდებულოა მათი დაშლა და თავიდან აშენება. დღგ-სგან სწორედ ახლად აშენებული კორპუსის ინვესტორი გათავისუფლდება.

„სიაში იყო 2500-მდე სუბიექტი, რომელთა უმრავლესობამ ისარგებლა დღგ-სგან გათავისუფლების ამ შეღავათით, თუმცა განსაკუთრებით „ცენტრ პოინტთან“ მიმართებით, რამდენიმე შემთხვევაში ამ შეღავათით სარგებლობა დღემდე გაიწელა. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დიდი დრო გავიდა, ზოგიერთმა ობიექტმა კონსტრუქციული კოროზია განიცადა და ექვემდებარება დემონტაჟს. ახალი მშენებლობისთვის კი ისინი ახალ ნებართვას საჭიროებენ. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ცვლილება, რაც დღგ-სგან გათავისუფლებას ეხებოდა, მათზე არ ვრცელდება. დღის წესრიგში დადგა საკითხი მსგავსი ობიექტებისთვის ვადის გადმოწევაზე, რომ შეღავათი მათზეც გავრცელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ კანონპროექტის წარდგენისას.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე დაინტერესდა, რამდენად არსებობს ინვენტარიზაცია იმ დაუმთავრებელი მშენებლობების, რომლებიც შეღავათებს იღებენ. წაქაძე ფიქრობს, რომ კანონში მათი ჩამონათვალი უნდა აისახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამშენებლო ბიზნესი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება.

„თავის დროზე, როცა გადავწყვიტეთ მშენებლობებზე კოეფიციენტების გაზრდის შეწყვეტის შესახებ, მაშინ მივიღეთ სიები, ვის არ ეხებოდა ეს. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ რიგ ობიექტებს ექნებოდათ უფლება, ეს კოეფიციენტები აეწიათ. თუ ჩატარდა ინვენტარიზაცია, 3000-მდე ობიექტზე ვის და რა რაოდენობით ფართს შეეხება ახალი შეღავათი? როგორც ვხდები უკვე ახალი პროექტების განხორციელებას ვიწყებთ ახალი კანონით. მათზე კი ამავდროულად ვრცელდება ის შეღავათი, რომ კოეფიციენტს აწევენ. რამდენი იქნება ეს ობიექტი? თუ ჩატარდა ინვენტარიზაცია? კანონშიც ჩამოვთვალოთ დანართად რამდენ კვადრატზე ვრცელდება შეღავათი, ხოლო თუ ეს არ გვეცოდინება, სამშენებლო ბიზნესი არათანაბარ პირობებში ჩავარდება“, - მიმართა მაია ბითაძეს ბეჟან წაქაძემ.

ბითაძის თქმით, შეღავათი 3-4 ობიექტს ეხება, ძირითადად „ცენტრ პოინტის“ შემთხვევაში და თუკი ისინი შეღავათებს არ მიიღებენ, ქალაქში ძალიან მაღალსართულიანი შენობები გაჩნდება, რაც მიუღებელია.

მისი განმარტებით, 2500 ობიექტიდან, რომელზეც გავრცელდა დღგ-ს შეღავათი, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე ისარგებლა.

„განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა „ცენტრ პოინტთან“ მიმართებით. იმდენად დაძველდა მათი რამდენიმე კონსტრუქცია, სადაც რამდენიმე ობიექტმა განიცადა კოროზია. არსებული ინვენტარიზაციიდან შეიძლება ვთქვათ, რომ 3-4 ობიექტია ასეთი, რომელიც უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს. ერთი არის სააკაძის მოედანზე, რომლის დემონტაჟსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. კიდევ ერთი არის ღრმაღელის ობიექტი და ობიექტი მარიჯანის ქუჩაზე. სულ რამდენიმე ობიექტია, რომლებიც თუკი დამატებითი ღირებულებისგან არ გავათავისუფლეთ, გამოვა, რომ იქ 10-15 სართული უნდა მივიღოთ კიდევ, რაც ამ ქალაქისთვის მძიმე ტვირთი იქნება. სამართლიანობიდან გამომდინარე, ისინი ექვემდებარებიან დღგ-სგან გათავისუფლებას.

რაც შეეხება კოეფიციენტების მომატებას, ერთადერთი შეღავათი, რაც დავტოვეთ იყო შეღავათი კრიტიკულად ავარიულ შენობებთან და დაუმთავრებელ მშენებლობებთან მიმართებით. შეიქმნა ოფიციალური უწყებათშორისი კომისია ამ საკითხზე, მონაწილეობს საკრებულოც მის მუშაობაში, რომელიც კოეფიციენტის მომატებაზე თემატურად მსჯელობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები