მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მათი გამოსყიდვის პროგრამას აამოქმედებს" - კაკულია 2013 წლამდე წარმოებულ მანქანებზე

6488101998eec
თამთა ჯიჯავაძე
13.06.23 10:51
943
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს რაღაც მომენტში დააყენებს აქ დარჩენილი ძველი მანქანების საკითხს, - ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რომან კაკულია მთავრობის მიერ გუშინ გაცხადებულ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი იანვრიდან აიკრძალება.

კაკულიას აზრით, იმისათვის რომ ის მოსახლეობა არ დაზარალდეს, რომლებსაც ამჟამად 2013 წლამდე მანქანები ჰყავთ, სასურველია, მთავრობამ ე.წ. გამოსყიდვის პროგრამა აამოქმედოს.

„ეს გადაწყვეტილება რაღაც მომენტში შემდეგ დააყენებს აქ დარჩენილი ძველი მანქანების საკითხს, ვინაიდან აუცილებლად საჭირო იქნება ტექდათვალიერების გამკაცრება და მივიღებთ მანქანებს, რომლებიც ადამიანებს არ ეცოდინებათ, სად წაიღონ. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მათი გამოსყიდვის პროგრამას აამოქმედებს. ყველა ერთბაშად ვერ მოხვდება, თუმცა, მაგალითად, ყველაზე ძველი მანქანები 1 წელში ჩაჯდეს... რაღაცნაირად მიეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძველი მანქანები დარჩებათ. ჩანაცვლების პროგრამაც შეიძლება გაკეთდეს“, - მიიჩნევს რომან კაკულია.

ცნობისთვის, 2024 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება. ავტომობილებისთვის ე.წ. ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები მტკიცდება და ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო-5 ნორმას. ამასთან, იგეგმება 2013 წლამდე წარმოებული სატვირთოების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების რეგისტრაციის აკრძალვაც, თუმცა, ამ შემთხვევაში, სატვირთოებისა და ავტობუსებისთვის ეს ვალდებულება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.

მთავრობის ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები