თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ კომპანია „მამისონი“ სასამართლოში იჩივლებს, რადგან თავადაც კარგად იციან კომპანიაში, რომ ყველაფერში დამნაშავეები არიან.
საქმე ის არის, რომ კომპანია „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, გეგმავს, თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლოს. კომპანიის მტიცებით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დათქმულ ვადაში დასრულების პრობლემა იმიტომ შეიქმნა, რომ ბიუროკრატიულმა პროცედურებმა სამუშაოები მნიშვნელოვნად შეაფერხა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ „მამისონი“ ასეთ განცხადებებს აკეთებს. პირადად ვარ ჩართული და ვიცი, სად შეუშალა კომპანიას ხელი ბიუროკრატიამ და სად - საკუთარმა დაუდევრობამ, უპასუხისმგებლობამ და მენეჯმენტის მოშლილმა სისტემამ კომპანიაში. კარგია, თუ სასამართლოში შეიტანენ სარჩელს. რა განცხადებებიც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს სასამართლო დაადგენს სიმართლეს და ჯარიმის ოდენობასაც სასამართლო გამოიტანს. მაშინაც, როცა არაფერი სჭირდებათ ადმინისტრაციული ორგანოებისგან, სამუშაოებს ტემპში მაინც ვერ ახორციელებენ. მე არ მგონია, რომ სასამართლომ მათი პრეტენზია გაითვალისწინოს და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემთვის ეს საკითხი მეორე და მესამეხარისხოვანია. „მამისონთან“ დაკავშირებით ყველაზე მტკივნეულია ის საკითხი, რომ სამუშაოების შესრულება დაგვიანდა, ეს ვისი და რისი ბრალი იყო, მე პირადად კარგად ვიცი. ამდენად, ჩემთვის უხერხული და უსიამოვნოა, რომ მოქალაქეებს მეტროსადგურის ჩაბარება დავუგვიანეთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რატომ დაიქირავა მერიამ კვლავ კომპანია, რომელმაც „ვარკეთილში“ არ შეასრულა კეთილსინდისიერად სამუშაო, ვიცე-მერი პასუხობს, რომ ტენდერი წლის დასაწყისში გამოცხადდა და მაშინ კომპანია თეთრ სიაში იყო. "როცა "ვარკეთილზე" ტენდერი გამოცხადდა, "გიცირიძეზე" ვადაგადაცილება არ გვქონდა, თან სატენდერო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ და ამასთანავე, სხვა პრეტედენტი არ იყო", - განმარტა ხმალაძემ.
ცნობისთვის, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პირველი პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარი იყო. სარემონტო სამუშაოები სადგურზე 2021 წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა.