მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუს ონლაინი" ზარალზეა - როგორ აპირებს კომპანია ინტერნეტის სატრანზიტო ქსელის მოწყობას?

62fe0db52dc64
ნინო ტაბატაძე
18.08.22 15:10
1839
“კავკასუს ონლაინი“ ისევ ზარალზეა. საბითუმო ინტერნეტბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს, რომელსაც 2020 წლის 1 ოქტომბრიდან სპეცმმართველი მართავს, შემოსავლებიც შეუმცირდა.

„კავკასუს ონლაინის“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიამ გასულ წელს 39.288 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 4.2 მლნ (9.8%-ით) ნაკლებია 2020 წელს მიღებულ შემოსავალზე. საოპერაციო ზარალი 3.7 მლნ ლარი იყო, წლის წმინდა ზარალი კი, 8.82 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წელს მიღებული 12.2 მლნ ზარალის შემდეგ.

„კავკასუს ონლაინის“ შემოსავლები - 2021 წელი

• ინტერნეტიდან და საკომუნიკაციო მომსახურებიდან - 35.7 მლნ (-11% Y/Y)
• ზარების ტერმინაციიდან და ტრანზიტიდან - 0.553 მლნ (-10% Y/Y)
• კოლოკაციის მომსახურებიდან - 1.48 მლნ ლარი (+23% Y/Y)
• დომეინის მომსახურებიდან - 1.2 მლნ (+6% Y/Y)
• სხვა - 0.24 მლნ (-2% Y/Y)

„შემოსავლების შემცირება ძირითადად არის განპირობებული საბითუმო ინტერნეტზე ფასების ვარდნით, რაც არ კომპენსირდება მოცულობის ზრდით. გლობალური ინტერნეტის ფასების შემცირება მსოფლიოში არსებული ტენდენციაა. საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა 10%. შემოსავლების ზრდა აღინიშნება თანალოკაციის იჯარიდან და დომეინის მომსახურებიდან. ამ უკანასკნელის ზრდა ძირითადად განაპირობა ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელისთვის საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული პროგრამული სისტემის იმპლემენტაციამ (EPP Protocol) და გაზრდილმა მოთხოვნამ. რაც შეეხება ინტერნეტის და ინტერნეტის ტრანზიტის ხარჯებს, ის არის შემცირებული 25% -ით. ძირითადი მიზეზი არის ფასის შემცირება მოცულობების ზრდასთან ერთად. ასევე, მნიშვნელოვანი შემცირებაა E1-E3 არხის იჯარის შემთხვევაშიც, რაც ასევე კურსთაშორის სხვაობისა და არხების ფასების ვარდნით არის გამოწვეული“, - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

„კავკასუს ონლაინი“ საქართველოში მოქმედი ერთადერთი ოპერატორია, რომელიც თურქეთის და რუსეთის გზის ავლით პირდაპირ შავი ზღვის გავლით, წყალქვეშა კაბელით, ახორციელებს გლობალური ინტერნეტ რესურსებით მომსახურების მიწოდებას. ასევე 20 წელზე მეტია ახორციელებს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენური სახელების ადმინისტრირებას. დღეს .GE ზონაში რეგისტრირებული დომენური სახელების რაოდენობა 54 000-ს აჭარბებს.

კომპანიის მენეჯმენტი მმართველობით ანგარიშში ასევე წერს, რომ „კავკასუს ონლაინის“ და შვილობილი კომპანიების სტრატეგიას წარმოადგენს განავითაროს და უზრუნველყოს ევროპის უმსხვილეს დატაცენტრებთან სტაბილური და მაღალსიჩქარიანი პირდაპირი გლობალური ინტერნეტ კავშირი, რეგიონულ ბაზრებზე არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიებისათვის.

„რეგიონული ბაზრების გაფართოების მიზნით მეზობელ ქვეყნებთან (სომხეთთან და აზერბაიჯანთან) დაინერგა და იგეგმება ახალი სატრანზიტო ქსელების მოწყობა, რათა განხორციელდეს შუა აზიის (ირანის, ერაყის, ყაზახეთის) ქვეყნების მომარაგება ევროპული ინტერნეტით. გრძელვადიან დაგეგმარებაში კავკასუს ონლაინი ისახავს მიზნად მოახდინოს აბრეშუმის გზის დიგიტალიზაცია. პირველ ეტაპზე კავკასუს ონლაინმა და იუკომ არმენიამ დაასრულა 1 (ერთ) ტერაბიტიანი ქსელის მშენებლობა, რომელიც აკავშირებს ფრანკფურტის უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერებს და ირანის სატელეკომუნიკაციო კორპორაციას სომხეთ-ირანის საზღვარზე საქართველოს გავლით. ეს შეერთება იძლევა საშუალებას ირანის გავლით მოამარაგოს ინტერნეტით ახლო აღმოსავლეთის ბაზარი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომპანიის 100%-იანი წილი ამჟამად NEQSOL-ის მფლობელ, ბიზნესმენ ნასიბ ჰასანოვს ეკუთვნის, თუმცა, წილის გასხვისებას არაკანონიერად მიიჩნევს კომუნიკაციების კომისია, რადგანაც ეს გარიგება კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე მოხდა. კომპანიას წილების თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება დაევალა და გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო არაერთხელ დაჯარიმდა. 2020 წლის 1 ოქტომბერს კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ კომპანიაში სპეცმმართველი შეიყვანა.

კომპანიას არაერთი დავა აქვს წამოწყებული საქართველოში. საქმე - „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ - საერთაშორისო არბიტრაჟშიც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები