მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კნაუფმა" თბილისში მშრალი თაბაშირის ახალი ქარხანა გახსნა

6347e16441a98
თამთა ჯიჯავაძე
13.10.22 14:16
1194
გერმანულმა კომპანია "კნაუფმა" თბილისში მშრალი თაბაშირის ახალი ქარხანა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მონაწილეობდნენ.

"გერმანიის ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას საქართველოში მშენებლობის ხარისხისა და მდგრადობის ევროპული სტანდარტები შემოაქვს, განსაკუთრებით კომპანიის სასწავლო ცენტრის მეშვეობით, რომელშიც ქართველი სპეციალისტები გადიან ტრენინგებს და რომლის დაფინანსებაც გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მოხდა", - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ სამშენებლო სექტორში ჩართული 1000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა, რომლებიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს იყენებენ. კერძოდ, კომპანია „კნაუფის" ბაზაზე, ევროპული სტანდარტის სასწავლო ცენტრი 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რაც ხელს უწყობს საქართველოში ტექნიკური განათლებისა და პროფესიული მომზადების სისტემის გაუმჯობესებას. ცენტრი ფუნქციონირებს გერმანიის სამთავრობო ორგანიზაცია DEG-ის (გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოება) პატრონაჟით.

„კნაუფის“ ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ეს არ არის მხოლოდ 30 მლნ ევროს ინვესტიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელდა, „კნაუფს“ შემოაქვს ხარისხის ახალი სტანდარტები სამშენებლო სექტორში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროფესიული ცოდნა, რომელიც კომპანიამ ჩამოიტანა და მის მიერ დანერგილი ტექნოლოგიები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ საწარმო ახლახან გაიხსნა, მაგრამ მისი წარმადობა, რომელიც 30 000 ტონას შეადგენს, მომავალი წლისთვის შეიძლება საკმარისი აღარ იყოს, იმდენად სწრაფად იზრდება სამშენებლო სექტორი საქართველოში და დამატებითი ინვესტიციების განხორციელების საჭიროება დგება.

შეგახსენებთ, კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1998 წლიდან დაიწყო, ხოლო საწარმო, რომელიც „კნაუფის“ სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 2009 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია საქართველოში აწარმოებს თაბაშირმუყაოს ფილებს, მოთუთიებული ფოლადის პროფილებს, დასაგრუნტ მასალას და მზა ფითხებს, ახლა კი უკვე ფუნქციონირებს მშრალი თაბაშიროვანი ნარევების საწარმოც. ამ ეტაპზე საწარმოში ჯამურად 100 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები