მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოლეგის სიკვდილით სპეკულირება ამორალურია" - ღარიბაშვილი მედიას

60f28a7cefa95
ინგა მურუსიძე
17.07.21 11:51
1086
თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება ამორალურია, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს. მისივე თქმით, მომხდარი ყველასთვის დიდი ტრაგედიაა, თუმცა ამით მანიპულირება არასწორია.

„ეკონომიკური განვითარების პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენს მტრებს. იმას, რასაც ბოლო დღეებში ვუყურებ, იმ აჟიოტაჟს, რაც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი მედიის წარმომადგენლების მიერ გამართულ და დაგეგმილ აქციებსაც გამოეხმაურა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და თქვა, რომ „ეს არის პოლიტიკური აქცია და პოლიტიკური აქტი“.

„მინდა ყველას მოგისამძიმროთ თქვენი კოლეგის გარდაცვალება. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ყველასთვის, მაგრამ ძალიან ამორალური საქციელია თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა, ეს არის სააკაშვილი და მისი გუნდი. მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რომ ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას.

ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული პოლიტიკურ კამპანიასა და აქციებში, ეს არ აისახება კარგად მედია-გარემოზე, თუმცა ეს მათი არჩევანია. მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება, ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის ერთ-ერთი მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვასწრებთ წინ. ორ კვირაში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გახსნას ტელევიზია და დაიწყოს მედია-ოპერირება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ: 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში "TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ათეულობით ადამიანმა სცემა. ლაშქარავა თვალისა და სახის ძვლების დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ ის 10 ივლისს გამოწერეს. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლები ქუჩაში გამოვიდნენ და ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. აქცია არის დაგეგმილია დღესაც რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები