მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიის განვითარების ოპტიმალურ ვარიანტად ისევ ექსპორტი რჩება" - "ჰარმოსფერო"

635fbf0ea8a3f
თინათინ ნატმელაძე
31.10.22 10:13
522
"ჰარმოსფერო" ორი დის მიერ პანდემიის პერიოდში შექმნილი სტარტაპია, რომელიც ტილოს ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ სახლის ინტერიერის აქსესუარებს, მაგიდის სუფრებს, წინსაფრებს, ხელსახოცებს და სხვადასხვა პროდუქტის შესანახ ტომრებს აწარმოებს, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა დიანა ლეჟავამ BM.GE-თან განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პროდუქცია ქართული ბაზრისთვის ერთგვარი სიახლეა, რადგან მათი კონკურენტი კომპანიები, ძირითადად, ხელოვნური მასალისგან დამზადებულ პროდუქციას აწარმოებენ და მიუხედავად იმისა, რომ "ჰარმოსფერო" ჯერ პატარა კომპანიაა, საკმაოდ სწრაფად იზრდება და ვითარდება, რამდენიმე თვის წინ კი "აწარმოე საქართველოს" 30 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა.

"პანდემიის პერიოდში, თავისუფალი დროის გამოჩენის შემდეგ, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, რომ ისეთი ბიზნესი დაგვეწყო, რომელიც ორივეს ინტერესებს გააერთიანებდა, ეს კი ინტერიერის აქსესუარები აღმოჩნდა. ამჟამად ნატურალური ტილოს მასალისგან დამზადებულ მაგიდის სუფრებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს და სხვადასხვა პროდუქტის შესანახ ტომრებს ვაწარმოებთ, სწორედ ეს აღმოჩნდა ჩვენი კომპანიის საიმიჯო პროდუქტი. ნატურალური მასალა განგვასხვავებს სხვა კომპანიებისგან და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაწარმი ერთგვარი სიახლეა ქართული ბაზრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარა კომპანია ვართ, საკმაოდ სწრაფად ვიზრდებით და ვვითარდებით, დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია", - აცხადებს დიანა ლეჟავა.

"ჰარმოსფეროს" ამჟამად პატარა საწარმო და რამდენიმე სტენდი აქვს, კომპანია 3 მკერავსა და 3 მოლარე-კონსულტანტს ასაქმებს. მისი თანადამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის პროფესიონალი კადრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხარისხიანი პროდუქცია შექმნან და მიწოდებაც, ასევე, ხარისხიანი ჰქონდეთ.

"გვაქვს პატარა საწარმო, სადაც 3 მკერავი გვყავს დასაქმებული, ორი მათგანი პენსიონერია და ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანს სამსახურის ქონის შესაძლებლობა ასაკის გამო არ უნდა წაერთვას, ერთ-ერთ მათგანს კი ეს პროფესია ჩვენ შევასწავლეთ და ახლა ძალიან წარმატებული თანამშრომელია. ასევე, ჩვენი პროდუქციის სტენდები საბურთალოს "სითი მოლში", მაღაზია "მიჰაუსში" და "ფიმფამფოში" გვაქვს განთავსებული, სადაც 3 მოლარე-კონსულტანტი დავასაქმეთ. ვთვლით, რომ კადრებში ძალიან გაგვიმართლა, რადგან, ჩვენთვის პროფესიონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია ხარისხიანადვე მივაწოდოთ. მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა ონლაინ სივრცეშიც შეუძლია, საიტზე harmosphere.ge და სოციალურ ქსელში", - განაცხადა დიანა ლეჟავამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ჰარმოსფერო", პირველ რიგში, წარმოების გაზრდას, დამატებითი კადრების დაქირავებას და მომავალი წლიდან პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, რადგან როგორც დიანა ლეჟავა აღნიშნავს, ქართული ბაზარი ძალიან ვიწრო და იმპორტული პროდუქციით გადატვირთულია.

"რამდენიმე თვის წინ "აწარმოე საქართველოს" მიკრო და მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი 30 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ წარმოება გავზარდოთ, შევიძინოთ ახალი დანადგარები და დამატებითი კადრებიც დავიქირაოთ, ამჟამად თვიურად დაახლოებით 300-500 ერთეულს ვკერავთ, რაც მომხმარებლის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, წარმოების გაზრდის შემდეგ კი პროდუქციის რაოდენობა, პირველ ეტაპზე, 50%-ით გაიზრდება, მომავალი წლიდან უკვე ექსპორტზე გასვლასაც ვგეგმავთ, პირველად სკანდინავიურ ქვეყნებში, მერე კი უკვე ამერიკის ბაზარზეც, რადგან ქართული ბაზარი ძალიან ვიწრო და იმპორტული პროდუქციით გადატვირთულია და კომპანიის განვითარების ოპტიმალურ ვარიანტად ისევ ექსპორტი რჩება", - განაცხადა დიანა ლეჟავამ.

აღსანიშნავია, რომ "ჰარმოსფეროს" პროდუქციის ფასი 12-165 ლარს შორის მერყეობს და მისი თანადამფუძნებელი ამბობს, რომ იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას სწორედ დაბალი ფასით უწევენ.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ 2021 წელს ფუნქციონირება ერთი საკერავი მანქანით და 5000 ლარის ინვესტიციით დაიწყო, თუმცა მიღებულ თანხას მუდმივად წარმოებაში აბრუნებდნენ და განვითარებაც მოახერხეს.