მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოვიდი" განფასდება, როგორც ჩვეულებრივი ნოზოლოგია - "ევექსის ჰოსპიტლები"

625705d880c47
ალა ისპირიანი
13.04.22 21:35
1230
"კოვიდი" განფასდება, როგორც ჩვეულებრივი ნოზოლოგია - ამის შესახებ "ევექსის ჰოსპიტლების" დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ პანდემიის დიდი პიკი აღარ მოხდა, ყველა მულტიპროფილური საავადმყოფო მომავალში "კოვიდის" მართავს ჩვეულებრივი ნოზოლოგიით შეძლებს.

„ამ ეტაპზე კოვიდმიმღები კლინიკა აღარ ვართ. სახელმწიფო ახლა კოვიდის დატარიფებაზე მუშაობს. თუ აქამდე საავადმყოფოების და საწოლფონდის ქირაობა ხდებოდა, ახლა „კოვიდი“ განფასდება, როგორც ჩვეულებრივი ნოზოლოგია და ყველა მულტიპროფილური საავადმყოფო მომავალში, არსებობის შემთხვევაში, მას ჩვეულებრივ, როგორც მორიგ ნოზოლოგიას, ისე მართავს. თუ კიდევ პანდემიის დიდი პიკი არ დაიწყო და რიცხვები არ გაზიარდა“, - განაცხადა მან.

მინდიაშვილის თქმით, დღემდე სახელმწიფო ფიქსირებულ თანხას იხდიდა, როდესაც საწოლფონდს არეზერვებდა. "მაგალითად ჩვენი ერთ-ერთმა მსხვილმა ჰოსპიტალმა, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა, რომელიც მულტიპროფილური მიმღები იყო და პანდემიის დაწყებამდე კარდიოლოგიურ, ნეიროქირურგიულ, ზოგადი ქირურგიის და ა.შ მომსახურება ჰქონდა, სახელმწიფოსთან შეთანხმებით ყველა სერვისის მიწოდება შეაჩერა და სახელმწიფო მოცდენილ საწოლში ყოველდღიურად ფიქსირებულ თანხას იხდიდა. ამ ქირაში შედიოდა ექიმის ხელფასი, კომუნალური და ა.შ რომელსაც ჩვენ ვიხდიდით და შემდეგ თითოეულ პაციენტზე ხდებოდა ანაზღაურება მხოლოდ კვლევების და სახარჯი მასალის, რომელიც კონკრეტულ პაციენტზე დაიხარჯებოდა“, - განმარტავს გიორგი მინდიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური შემთხვევების და კლინიკებში განთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. 12 აპრილს ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 348 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 234 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 378 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 214, აჭარაში - 21, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 14, იმერეთში - 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები