"ლიბერთიმ" ახალი პროდუქტის, "გამარტივებული იპოთეკური სესხის" შესახებ განაცხადა. ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული იპოთეკური სესხი, ბინის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0% თანამონაწილეობით გულისხმობს.
შეთავაზება უნიკალურია ბაზარზე და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბინის მარტივად შეძენასთან ერთად, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ახალი "ლიბერთის" სტრატეგია მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ადამიანებისთვის საკუთარი სივრცის შექმნის ან თუნდაც შემოსავლის გაზრდის მიზნით ბინის შეძენის შესაძლებლობის მიცემა.
ახალი პროდუქტის დიზაინის ეტაპზე, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს იყო - თუ აქამდე კომერციულ ბანკში იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის თანამონაწილეობა ან წინასწარი შენატანი ან დამატებითი ქონებით უზრუნველყოფა იყო საჭირო, "გამარტივებული იპოთეკური სესხის" პირობებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სრულად დაიფინანსოს ჩვენს პარტნიორ დეველოპერთან შერჩეული ბინა", - აცხადებს ანი ჯიბლაძე, "ლიბერთის" საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
"გამარტივებული იპოთეკური სესხის" პირობებით, ნებისმიერ მსურველს, რომელიც "ლიბერთის" მიერ დაფინანსებულ პარტნიორ დეველოპერულ კომპანიაში შეარჩევს ბინას, ქონების ღირებულების 100%-ს ლიბერთი დაუფინანსებს. 0%-იანი თანამონაწილეობის პირობა ვრცელდება ლიბერთის მიერ სრულად დაფინანსებულ დეველოპერულ პროექტებზე, რომლის მშენებლობის ყველა ეტაპის დასრულებას უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკი.
აღსანიშნავია, რომ ახალი პროდუქტი საინტერესოა დეველოპერული კომპანიებისთვისაც - მათ აქვთ საშუალება "ლიბერთის" პროექტში ჩართულობით მშენებლობისთვის მიიღონ სასურველი დაფინანსება და შედეგად, ლიბერთის მომხმარებლებს მისცენ განსაკუთრებული პირობებით ბინის შეძენის შესაძლებლობა.
პარტნიორი დეველოპერების შეთავაზებები და პროდუქტის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია www.libertybank.ge-ზე.
ns




























