ეკომეგობრული, ხელნაკეთი სათამაშოებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ნივთების მწარმოებელი კომპანია „მადელაინი“ პირველ ბრენდულ მაღაზიას სექტემბრის შუა რიცხვებში ბათუმში, მაზნიაშვილის 56 ნომერში გახსნის, სადაც ბრენდის ყველა პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. როგორც "მადელაინის" დამფუძნებელი ელეონორა კუცია bm.ge-სთან აღნიშნავს, საგრანტო კონკურსში, „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ მოპოვებული დაფინანსებით კომპანიამ ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, რამაც ბრენდს წარმოების გაფართოების საშუალება მისცა.
„დანადგარების საშუალებით წარმადობა გავზარდეთ, შევქმენით ახალი პროდუქცია, აქედან გამომდინარე, თბილისში მდებარე საწარმოს მოცულობა ჩვენთვის საკმარისი აღარ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოება ბათუმში გადაგვეტანა და ამისთვის ჩვენს საკუთრებაში არსებული ფართი გამოვიყენეთ. ბრენდული მაღაზიაც საწარმოსთან ახლოს, სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. რაც შეეხება დასაქმებულებს, წარმოებას აქამდე მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებოდით, გაფართოებასთან ერთად კი მუშახელის დამატება გადავწყვიტეთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დარგის სპეციალისტების დეფიციტია, რამდენიმე ადამიანი დავატრენინგე, მათგან სამი გამოსაცდელი ვადით შევარჩიე, რათა თავად გადაწყვიტონ უღირთ თუ არა ამხელა შრომა“ - ყვება ელეონორა კუცია.
ინფორმაციისთვის „მადელაინი“ უკვე მესამე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და პროდუქციას ონლაინპლატფორმების საშუალებით ყიდის.

























