ხილის გადამამუშავებელმა კომპანია “კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა” 15 ტონამდე ხილის ჩირი რუსეთში ექსპორტზე გაიტანა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა სალომე ალანიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, პანდემიას კომპანიაზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონია და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰოლადიასთან და ჩეხეთთან.
“ექსპორტზე ჩირი წონით გაგვაქვს, თუმცა ჩეხეთში ივნისიდან ვვარაუდობთ, რომ უკვე შეფუთული, დაფასოებული წარმოების პროდუქტს - “მაგრიტოს” მივაწვდით”, - ამბობს ალანია.
კომპანიას სხვა საექსპორტო პარტნიორებიც ჰყავს და პერიოდულ შეკვეთებს ჩინეთიდან და გერმანიიდან იღებს.
“სწორედ გაზრდილი მოთხოვნის გამო, წარმოების გაფართოება გადავწყვიტეთ. შეკვეთილია დანადგარებიც, რომლებიც ჩვენს წარმადობას გაგვიორმაგებს”, - აღნიშნავს “მაგრიტოს” მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი.
“მაგრიტოს” ადგილობრივ ბაზარზეც აქვს სიახლეები და “ევროპროდუქტის” გარდა, კომპანიის პროდუქცია მალე “გუდვილის” მაღაზიათა ქსელშიც გამოჩნდება.
“კავკასუს ორგანიკ ფრუტსის” მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა კომპანიის გადაწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, არაფერი შეუცვლიათ.
“ოფისი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, რაც შეეხება საწარმოს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში მდებარეობს, იქ ადგილობრივი ხალხია დასაქმებული, შესაბამისად, თვითონ ახერხებენ საწარმომდე მისვლასა და მუშაობას”, - ამბობს სალომე ალანია.
“მაგრიტო” ბაზარზე 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა და დღეს 50-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ხილის ჩირის საცალო შეფუთვის ფასი “ევროპროდუქტში” 7-დან 8 ლარამდე მერყეობს.