“ეკო სოფელი ტყეში“ მიმდინარე წლის მაისში რესტორნის გახსნასაც გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი, ნინო ნიორაძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, რესტორნის გარდა, ეკოსოფელს დასასვენებელი სივრცეები და ტურისტული ტურები დაემატება. მისივე თქმით, სეზონზე დაახლოებით 20 ადამიანის დასაქმებაც განიხილება.
„პროექტზე მუშაობა 2020 წელს დავიწყეთ. ჩვენი მიზანი ეკოლოგიური ტურისტული სივრცის შექმნა იყო. სწორედ ამიტომ ბუნებას ხელშეუხებლად ვინარჩუნებთ. კოტეჯებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დავამზადეთ. ოქტომბერში უკვე პირველი სტუმრებიც მივიღეთ, მოვემსახურეთ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს.
მაისში რესტორნისა და დასასვენებელი სივრცეების განთავსებას ვგეგმავთ. ამასთან, ტურებსაც დავამატებთ“ - ამბობს ნიორაძე.
ცნობისთვის: „ეკო სოფელი ტყეში“ სოფელ გურგენიაში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ტურისტული ობიექტი 10 კოტეჯს აერთიანებს, სადაც ჯამში 30 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ეკოსოფელმა პირველი სტუმრების მიღება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ „ეკო სოფელი ტყეში“ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერითა და თიბისი ბანკის დახმარებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 365 000 ლარი შეადგინა.