მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიკამენტებზე ფასების ფიქსირებას მხარს ვერ დავუჭერთ"- "ავერსი ფარმას" გენ დირექტორი

60f2a3d006edc
ელენე გოგბერაშვილი
17.07.21 14:25
1282
"სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეულნი; საჭიროა, მტკივნეული გადაწყვეტილებების <მიღება>", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 7 ივლისს ჯანდაცვის სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს რამდენიმე კომპანიისთვის, თუმცა ძალიან სასარგებლო იქნება მოქალაქეებისთვის.

"მედიკამენტების საკითხი ძალიან მტკივნეულია და სახელმწიფო, როგორც ჩვენი მოქალაქეები, იქცა ფასების მძევლად; აქ მნიშვნელოვანია ცოტა უფრო მეტად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც. ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს რამდენიმე კომპანიისთვის, თუმცა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედია, ამ ბრძოლაში, რომელსაც აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება დამიჭერს მხარს, რადგან ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა, ეს ჩვენი ერთობლივი მიზანია, რათა აღსდგეს სამართლიანობა და მედიკამენტზე, რომლის ღირებულებასაც სახელმწიფო ფარავს, ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ფასის შეთანხმება ერთი წლით მაინც“-თქვა მინისტრმა.

თუნდაც ერთი წლით ფასების ფიქსირება წარმოუდგენლად მიაჩნიათ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს. როგორც „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე განმარტავს, ფარმაცევტული პროდუქციის 90% იმპორტირებულია და ფასთწარმოქმნას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ვალუტის კურსი განსაზღვრავს.

„ფიქსირებული ფასები ძალიან შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას იმდენად, რამდენადაც ვერ მოხერხდება ფიქსირებული ფასით ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანა როდესაც ის უცხოურ ვალუტაზეა მიბმული. არის ძალიან დიდი ალბათობა და რისკი, რომ ამან გამოიწვიოს გარკვეული დეფიციტი, გარკვეული პოზიციების ბაზრიდან გაქრობა, რაც ნეგატიურად აისახება ბაზარზე. შესაბამისად ასეთ მიდგომას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. ბაზარი არის საკმაოდ კონკურენტული, ბევრი საშუალო და მცირე მოთამაშეა ბაზარზე. ბაზარი არის ღია და თუ არის რაიმე რესურსი ფასის გაიაფების, ამისთვის ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ”-აცხადებს ირაკლი ფურცელაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს ოფისი მთავრობას მედიკამენტების ფასების რეგულირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ჯანდაცვის სერვისების ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისროს, ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს და ოჯახების გაღატაკებას.

არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის“, - ნათქვამია WHO-ს ქართული ოფისის კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები