"მეტრო ფოინთი" წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი ჰობი ბიზნესად გადააქციონ. კომპანია ნებისმიერ წიგნიერს საშუალებას აძლევს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითი ფორუმში“ თავისი წიგნის სტენდი წარადგინოს, პოპულარიზაცია გაუწიოს წიგნიერებას და თან წიგნები გაყიდოს.
აღნიშნული იდეის განსავითარებლად "მეტრო ფოინთში" იდეების კონკურსი უკვე გამოცხადდა და როგორც Bm.ge-ს კომპანიაში უთხრეს, ის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვინდა ბათუმში წიგნიერება ავამაღლოთ, რისთვისაც გადავწყვიტეთ წიგნების სტენდი გამოვყოთ ყველა მსურველისთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ოცნება ბიზნესად გადააქციოს ან უკვე არსებულ ბიზნესებს შევუწყოთ ხელი განვითარებაში.
იქიდან გამომდინარე რომ „მეტრო სითი ფორუმი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქსელია ბათუმში და ჰყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, სტენდი გამოვყავით, სადაც ადამიანები წიგნებს განათავსებენ.
კონკურსში მონაწილეობისთვის, აუცილებელია სწორად დაწერილი ბიზნესის გეგმის, იდეის ქონა. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს იმაზე, თუ ვინ უფრო კარგად მოახერხებს წიგნიერების გავრცელებას და წიგნების რეალიზაციას. ამ ცენტრში ბევრი მომხმარებელი მიდის და მათ ეს გარემო წიგნების რეალიზაციაში დაეხმარება", - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც Bm.ge-ს კომპანიაში უთხრეს, უკვე 6 განცხადებაა შესული. იდეების მიღება 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. "აქ მხოლოდ სტენდი არ იქნება. იქ იქნება ისეთი გარემო შექმნილი, სადაც ადამიანებს დაჯდომა და წიგნის კითხვა შეეძლებათ", - განაცხადეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, „მეტრო სითი ფორუმი" "მეტრო ჰოლდინგში" შემავალი კომპანიაა, რომელიც თურქმა ბიზნესმენმა, გალიფ ოზთურქმა დააფუძნა.

























