საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვერცერთი კომპანია, მედიკამენტს „ჯიემპის“ ხარისხის სერტიფიკატის გარეშე, ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდის. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
აზარაშვილის ინფორმაციით, დღეისთვის „ჯიემპის“ სერტიფიკატი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ სამ კომპანიას აქვს აღებული.
„დღეისთვის დაახლოებით ათ პროცენტამდეა მთლიანი ფარმაცევტული ბაზრის ადგილობრივი წარმოება, დანარჩენი სრულად, 90 პროცენტი, შეიძლება მეტიც, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ასევე, გასული წლის იანვრიდან მოვითხოვეთ დამატებითი სერტიფიკატები, „ჯიემპის“ სერტიფიკატები იმპორტის შემთხვევაშიც და ადგილობრივი წარმოების შემთხვევაშიც. უკვე მიმდინარე წლიდან ვერც ერთი კომპანია ადგილობრივად წარმოებულ მედიკამენტს „ჯიემპის“ სტანდარტის გარეშე ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდის.
2025 წლამდე დავუტოვეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყნის გარეთ თუ რომელიმე ქვეყანა ამ სერტიფიკატის გარეშე მიიღებს, შეუძლია, ექსპორტი გააკეთოს, საქართველოში „ჯიემპის“ ხარისხის სერტიფიკატის გარეშე ისინი ვერ გაყიდიან.
დღეისათვის „ჯიემპის“ სერტიფიკატი მხოლოდ მხოლოდ სამ კომპანიას აქვს აღებული, თუმცა ჯამური ბაზრის ათი პროცენტის ფარგლებში ეს სამი კომპანია მედიკამენტების დაახლოებით 80 პროცენტს აწარმოებს, ანუ საკმაოდ ბევრია. ამ სამი კომპანიის წარმოებული პროდუქცია, რაც საქართველოს ბაზარზე იყიდება, ხარისხიანია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.