მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინისტრი რომ ამბობს, საშიშროებაა ემბრიონებით და ბავშვებით ვაჭრობის, ამის საფუძველი არსებობს"

648b2cbb7f305
ელენე გოგბერაშვილი
16.06.23 01:00
810
ჯანდაცვის სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომელიც ქვეყანაში რეპროდუქციული სერვისების [დონორობა, ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია] უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვას ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ არსებობდა მიდევნების საშუალება, სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ხდება ყველა შესაძლო დანაშაულის გადაზღვევა, რაც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს.

რეპროდუქტოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის დამფუძნებელი საქართველოში არჩილ ხომასურიძე დარგის რეგულირების საჭიროებას ხედავს.

არჩილ ხომასურიძის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყება, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიის დანერგვა. როგორც რედაქტ2-თან ინტერვიუში ის ამბობს, ამ ელიტარული ტექნოლოგიის და შემგომ შედარებით ხელმისაწვდომი მეთოდის, მათ შორის სუროგაციის გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის სერვისების შემოტანის დროს ექიმებმა მის იურიდიულ მხარეზე არ იფიქრეს, რაც გახდა საფუძველი იმ ეჭვების, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა გააჟღერეს.

აკადემიკოსმა, რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხრეა შეზღუდვების, მაგრამ არა სრული აკრძალვის.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მისი [სურიგაციის] გამოყენება პირადი, კომერციული ინტერესებისთვის. ჩემდა და ჩემი კოლეგების სავალალოდ, სუროგაციის საკითხი და მასთან დაკავშირებული პრობლემა არაკონტროლირებად სიტუაციაში წავიდა.

ამის დაოკება ახლა არის ძალიან ძნელი... ყველანაირი ნაბიჯი, რომელიც შეძლებს მეტ-ნაკლებად კონტროლს, არის მისასალმებელი. მომხრე ვარ, ყველანაირი შეზღუდვისა, მხოლოდ ეს შეზღუდვა არ უნდა წარმოადგენდეს საშიშროებას და არ უნდა იყოს დაკავშირებული სრულ აკრძალვასთან. აკრძალვას საქართველოს მედიცინის ისტორიაში, მათ შორის რეპროდუქციულ მედიცინაში, არასდროს არავითარი დადებითი შედეგი არ მოუტანია.

უნდა იყოს გენერალური ხაზი, ამას უნდა უხელმძღვანელოს ჯანდაცვის ორგანიზატორმა. ეს არის კუსტარული ბიზნესი, დაბალი დონის, რომელიც ბღალავს პირველ რიგში პაციენტის ინტერესებს, ბღალავს ქვეყნის რეპუტაციას. გავკადნიერდები და გეტყვით, რომ როცა ვუსმენდი ამ ინფორმაციას, რომ უნდა აიკრძალოს სუროგაციის სერვისი უცხოელებისთვის, წარმოვიდგინე პროცესი, რომ საქართველო არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სუროგაცია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, აკრძალულია. მხოლოდ კოსოვოში, კვიპროსში და ალბანეთში თუ არის, მაგრამ ისე კი არ არის აკრძალული, რომ ხაზი აქვს გადასმული და არავითარი სუროგაცია არ დაიშვება, იქ არის ყველაფერი დასაბუთებული, ვისთვის, რისი გაკეთებაა შესაძლებელი სამეანო თვალსაზრისით.

მე ვიზიარებ ჯანდაცვის მინისტრის მოტივაციას, შესაძლო საშიშროებასთან დაკავშირებით, რადგან არავითარი კანონი არ მოქმედებს, სრული ვაგხანალიაა. სუროგაციის იურიდიულ მხარე ხელუხლებელია. აქედან წამოიშვა სწორედ ეს ვაგხანალია. მინისტრი რომ ამბობს, საშიშროებაა ვაჭრობა ემბრიონებით და ბავშვებით, ამის საფუძველი არსებობს. მართლა არსებობს.

მან ახსენა ორგანოების გაყიდვის შესაძლებლობა, ესეც არსებობს. კონკრეტულ ფაქტებს მე ვერ მოვიყვან, მაგრამ ამის საფუძველი არსებობს. ამაში მონაწილეობს გაჭირვებული ქართველი ქალი. მის მიერ შობილ ბავშვს რა ბედი ელის არავინ იცის. მან ფული აიღო და ბავშვზე არანაირი უფლება აღარ აქვს. რა თქმა უნდა ასეთი ბავშვი შეიძლება გაყიდო. ამის საშიშროება არსებობს, ამიტომ საჭიროა ჩარევა.

ის, რომ კანონი არეგულირებს [კლინიკების წარმომადგენლების თქმით], არაფერს არ არეგულირებს. არავითარი რეგულაცია არ არსებობს, არავის უთქვამს და აუკრძალავს საქართველოში ერთსქესიანი მშობლების მიერ ბავშვების აყვანის შესაძლებლობა. ეს სიტუაცია არ გამორიცხავს ბავშვი, რომელიც აქ იქნება ჩასახული მერე გაყვანილი იქნება ქვეყნიდან და მივა ერთსქესიან მშობლებთან“,- აცხადებს არჩილ ხომასურიძე.

რომელ მხარეს არის სიმართლე, არეგულირებს თუ არა რეპროდუქტოლოგიის სფეროს კანონი და რა წერია მასში, BMG ამუშავებს შესაბამის კანონს და უფრო ვრცლად ინფორმაციას უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები