მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა, მედიას შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად ეზღუდებოდა" - TI

649d3b23021da
გიგა ბენია
29.06.23 12:10
405
"2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა", - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიშშია აღნიშნული. TI-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად ეზღუდებოდათ.

პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად. პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლაზე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს უარს დაუსაბუთებლად არ ეუბნებოდნენ: "პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს“.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პარლამენტში ეთიკის საბჭო არ მუშაობს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

"ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ახალი ვებგვერდი ამოქმედდა, დახვეწას საჭიროებს ვებგვერდზე ცალკეული ხასიათის ინფორმაციის მოძიება და განთავსება. ასევე პრობლემაა პარლამენტის კომიტეტებიდან და პარლამენტის მაჟორიტარ წევრთა ბიუროებიდან დროული და ზუსტი ინფორმაციის მიღება", - აღნიშნავს TI.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები