შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ [ILO] კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოში დასაქმებულთა თითქმის 40% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ანუ კვირაში 35 საათზე ნაკლებს.
კვლევა 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება მაშინ, როცა საქსტატს დასაქმებულთა სტატისტიკას განსხვავებულად ითვლიდა. საკონსულტაციო კომპანია JobGear-ის დამფუძნებელი რევაზ ხარაბაძე ამ მაჩვენებელს დასაქმებულთა აღრიცხვის ძველ სტატისტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ კვლევა დღევანდელ რეალობას არ ასახავს.
“კვლევაში მონაცემები ძველი მეთოდოლოგიით არის დათვლილი. რაც გულისხმობს იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო სექტორში მომუშავე ადამიანი დასაქმებულად ითვლებოდა იმ შემთხვევაში თუ მიწის მცირე ნაკვეთი ჰქონდა, რომელსაც ამუშავებდა და ა.შ. 2020 წლის შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა და შრომის ILO-ს სტანდარტები დაინერგა. ვფირობ, 40%-იანი მაჩვენებელი, რაც კვლევაშია მოცემული რეალურად არ გვაქვს. თან ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ცოტა არასწორად არის გაგებული, რადგან კვირაში 35 საათი რეალურად 5 საათით ნაკლები გამოდის სრულ სამუშაო კვირასთან შედარებით.
საქსტატის ბოლო კვლევაში ჩანს, რომ რეალურად ორ სექტორშია მნიშვნელოვნად დაბალი სამუშაო საათები: განათლება და სასოფლო-სამეურნეო სექტორი. სხვა სექტორებში ყველგან მუშაობის მაღალი განაკვეთია, რაც 40 და 45 საათს აჭარბებს. ამ ორ ინდუსტრიაში მცირე სამუშაო საათებს განაპირობებს ის, რომ აქ ძირითადად თვითდასაქმებულები არიან. სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული ბევრად ნაკლებს მუშაობს, ვიდრე ქალაქში დასაქმებული ადამიანი. აქ იგულისხმება სხვა სტილით მუშაობა. მაგალითად, დილით დასვენება და შემდეგ საღამოს მუშაობა. რაც შეეხება განათლების სექტორს, აქ ვიცით, რომ მათ ძალიან დიდი არდადეგები აქვთ და ამის ხარჯზეა მუშაობის დაბალი განაკვეთი”, - აცხადებს ხარაბაძე.