მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Mobler-ი ზარალზე მუშაობდა“ - ავეჯის მაღაზია პროდუქციის ლიკვიდაციის რეჟიმზე გადავიდა

61fd16756e8f7
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.22 23:00
6632
ავეჯის მაღაზია Mobler-ი, რომელიც ICR Group-ის ერთ-ერთ ბრენდს წარმოადგენს, 1-ელი თებერვლიდან პროდუქციის ლიკვიდაციის რეჟიმზე გადავიდა. ავეჯის მაღაზიის Facebook-გვერდზე ავეჯი 50-70%-იანი ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ პოსტები აქტიურად იდება. BM.GE დაინტერესდა ხომ არ გადის ბრენდი ბაზრიდან და რა ფაქტორებმა მიიყვანა კომპანია ამ გადაწყვეტილებამდე. ამ კითხვებით ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძეს მივმართეთ.

მისი განმარტებით, გარკვეული სირთულეების გამო Mobler-ი ოპერირების კონფიგურაციას იცვლის და ლიკვიდაციის შემდეგ ის სახლისთვის საჭირო აქსესუარების მაღაზიად გადაკეთდება.

„Mobler-ი ბაზრიდან არ გადის, უფრო კონფიგურაციას იცვლის და დეკორის და აქსესუარების ნაწილში გადავა. ლოგისტიკური პრობლემების გამო, იმის გათვალისწინებით რომ აზიიდან ტრანსპორტირება საკმაოდ გაძვირდა, პროდუქციის იმპორტს ფაქტობრივად აზრი დაეკარგა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ბოლო პერიოდში ბრენდი ზარალზე მუშაობდა, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომლითაც მაღაზიაში უფრო წვრილი მოცულობის ავეჯი და დეკორი იქნება წარმოდგენილი. Mobler-ი ახალი კონფიგურაციით მომხმარებელს პროდუქციას 1 აპრილიდან შესთავაზებს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.



აღსანიშნია, რომ ICR Group-ი ავეჯის მიმართულებით კიდევ რამდენიმე მაღაზიას მართავს, მათ შორისაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "კარე", იტალიური შოურუმი ლაბორატორია, "ჩემი ოფისი". კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცვლილებები სხვა მაღაზიებს არ შეეხება.

„ზოგადად აზიიდან ტრანსპორტირება გახუთმაგებულია, რაც არა მხოლოდ ავეჯს, არამედ სხვა პროდუქციასაც აძვირებს. ამიტომ ჩვენი შევცვალეთ და ძირითადად შეკვეთები ბრაზილიის და თურქ მწარმოებლებზე გადმოვიტანეთ. Mobler-ის გარდა, სხვა მაღაზიები ცვლილებებს არ დაექვემდებარება, რადგან მასობრივ ბაზარზე ძირითადად Mobler-ი იყო გათვლილი“, - აღნიშნა ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მისი ინფორმაციით, Mobler-ი ბაზარზე ქავთარაძის და აღმაშენებლის ხეივნის ფილიალით დარჩება, ხოლო ავეჯის ცენტრ „საბაში“ არსებული ფილიალი დაიხურება. კახა ხაზარაძემ ისიც აღნიშნა, რომ სხვა ავეჯის მაღაზიებთან მიმართებით, გაზაფხულიდან მომხმარებელს ახალ ბრენდებს და სიახლეებს შესთავაზებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები