"აჭარა ჯგუფი „შუქურას“ მიმდებარედ სასტუმროს განვითარებას გეგმავს. როგორც Bm.ge-ს კომპანიაში განუმარტეს, ამ ეტაპზე ციხისძირში არსებული შენობების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მომავალში კი ისტორიული სანატორიუმის სასტუმროდ გარდაქმნას აპირებენ.
მათივე ცნობით, "აჭარა ჯგუფის" ყველა პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი მიზნობრივი სეგმენტის მოზიდვა და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაა.
„„შუქურას“ მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს. დატვირთულობის პროცენტი
გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. ასევე გაზრდილია, როგორც უცხოელი სტუმრების, ასევე საქართველოში მცხოვრები, შიდა ტურისტების ნაკადიც, რაც "აჭარა ჯგუფისთვის" განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
"შუქურას“ განვითარებისას პრიორიტეტი ისეთი სასტუმროს შექმნას მიენიჭება, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროექტის კონცეფცია კი ტურისტული სეგმენტის დივერსიფიცირებაზე იქნება ორიენტირებული. "აჭარა ჯგუფის" ყველა პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ახალი მიზნობრივი სეგმენტის მოზიდვა და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაა.
იქიდან გამომდინარე, რომ აჭარის რეგიონში, ისტორიული სანატორიუმის სასტუმროდ გარდაქმნა აჭარა ჯგუფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს, ახლა კომპანია არსებული შენობების რეკონსტრუქციას ახორციელებს და შემდეგ ისტორიულ ნაგებობებში სასტუმროს განვითარებას გეგმავს“, - ამბობენ კომპანიაში.
რაც შეეხება, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, კომპანიაში განმარტეს, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში "აჭარა ჯგუფი" ჯამში დამატებით 1 000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.
„აჭარა ჯგუფის" გუნდი 1,500 ადამიანისგან შედგება. „შუქურას“ ტერიტორიაზე შექმნილი სასტუმრო კი დაახლოებით 100 ადამიანს დაასაქმებს. მოგეხსენებათ, კომპანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. შესაბამისად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში "აჭარა ჯგუფი" ჯამში დამატებით 1,000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის", - ამბობენ „აჭარა ჯგუფში.
სასტუმროს მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობასთან დაკავშირებით, კომპანიაში თქვეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პროექტის დეტალების დამუშავების შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის: "აჭარა ჯგუფმა“ ციხისძირში ტურისტული ობიექტი „შუქურა“ გასულ წელს გახსნა.

























