მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მომხმარებელი სასტუმროების 3დ ფორმატში დათვალიერებას შეძლებს"- „ნომადაოს“ გეგმები

6401d20f299ba
ნანუკა ნარიმანიძე
06.03.23 09:30
1095
ტურისტული სერვისების კომპანია „ნომადაო“ თავისი პლატფორმისთვის ახალ პროგრამაზე მუშაობს და მომხმარებელს ციფრული ჯავშნების ჭრილში უახლეს მიდგომას სთავაზობს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა თაზო ნაცვლიშვილმა Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ნომადაოს“ პლატფორმაზე მომხმარებელს საშუალება აქვს დაგეგმოს მოგზაურობა ერთ სივრცეში, ანუ ყველა სერვისი, რაც ტურიზმთან არის დაკავშირებული ერთ პლატფორმაზეა მოქცეული. გარდა ამისა "ნომადაოს" მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებია, აქ მომხმარებელს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება და მეტაბუქინგი შეუძლია.

„მაისისთვის გაშვებული იქნება ჩვენი პროგრამა, დანერგილი გვაქვს ციფრული ჯავშნების ჭრილში ახალი მიდგომა, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 3დ ფორმატში დაათვალიეროს სასტუმროები, ეს ტექნოლოგია ხელში გვიჭირავს და პლატფორმაზე არსებულ სასტუმროებს ვირტუალურ ვერსიაში ვაწყობთ. სააგენტოებისა და სასტუმროების 80% ათვისებული გვაქვს“ - ამბობს ის.

ამასთან, თაზო ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია, რომელზეც კომპანია მუშაობს, არ არის მხოლოდ ვიზუალიზაციის ნაწილი, მოცემული ტექნოლოგიით შესაძლებელია დაჯავშნა, დათვალიერება, ბოულინგისა და დარტსის თამაში და ა.შ.

„ტექნოლოგიის მთავარი იდეაა შუამავლის გარეშე სასტუმროსთან ურთიერთობა, ჩვენ გვსურს, საშუამავლო პროცენტული ნამატები ინდუსტრიიდან ჩავწიოთ და სასტუმროს მივცეთ საშუალება, გამოცხადებული ფასი პირდაპირ მომხმარებლამდე მიიტანოს, ყველანაირი დანამატის გარეშე.“ - განმარტა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ეს წელი „ნომადაოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი იდეაა განსახორციელებელი. „როგორც მომხმარებელს დავპირდით, წლის ბოლომდე ასევე ჩაეშვება პლატფორმა და დაემატება ივენთების მოდული, რომელიც იქნება ვირტუალურ სამყაროში“ - ამბობს ის.

თაზო ნაცვლიშვილმა Bm.ge-თან კომპანიის გამოწვევებზეც ისაუბრა: „ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, და დიდი ალბათობით ყოველთვის გვექნება, კადრების ნაკლებობაა. საქართველოში ძალიან რთულია ისეთი კადრის პოვნა, რომელსაც სათანადო გამოცდილება და უნარები აქვს, სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქტის საქართველოში აწყობა დიდი გამოწვევა იყო“ - განმარტავს ის.

ცნობისთვის, "ნომადაო" ტურისტული სერვისების ჰაბია, რომელიც წელს შეიქმნა, ის მომხმარებლისთვის ახალ სამოგზაურო გამოცდილებას ქმნის, კომპანია 40-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები