მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიოში საუკეთესო არყის ბრენდს საქართველოში ვაჭრობის უფლება შეზღუდული აქვს"- Stoli Group-ის CEO

625d765979092
BM.GE
18.04.22 19:55
5292
Stoli Vodka (ყოფილი „სტოლიჩნაია“) მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლატვიური წარმოების პრემიუმ-კლასის ალკოჰოლური სასმელია. კომპანია Stoli, რომელიც მსოფლიოს 176 ბაზარზეა წარმოდგენილი და 200-მდე სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ქართულ „გაგრა პლუსთან“, ლუქსემბურგში დაფუძნებული გლობალური ჰოლდინგის, SPI Group-ის მფლობელობაშია.

SPI Group-ი რუსეთში დაბადებული ებრაელ-ბრიტანელი ბიზნესმენის, იური შეფლერის საკუთრებაშია, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას ჯერ კიდევ 2000 წელს განუდგა და რუსეთის ფედერაციის სამუდამოდ დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ SPI Group-სა და რუსულ სახელმწიფო კომპანიას FKP Soyuzplodoimport-ს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება და ხუთ კონტინენტს მოიცავს, მათ შორის, საქართველოს და ადგილობრივ სასამართლოსაც.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გთავაზობთ Stoli Group-ის აღმასრულებელი დირექტორის, დემიან მაკკინის ინტერვიუს Forbes Georgia-სთან:

გიორგი ისაკაძე: საუბარია 176 ბაზარზე და 200-ზე მეტი დისტრიბუტორზე მსოფლიოში. ვიცი, რომ Stoli უზარმაზარ ბაზრებს ფარავს და ამავდროულად საქართველოშიცაა წარმოდგენილი. რა არის საქართველო, როგორც ქვეყანა Stoli Group-ისთვის? როგორ ვპოზიციონირებთ? მოგეხსენებათ, პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს პატარა შიდა ბაზარი, მაგრამ ამავე დროს, ჩემი გაგებით, გეოპოლიტიკურად ძალიან ღირებული. რა არის საქართველო Stoli Group-ისთვის და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის?

დემიან მაკკინი: ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, გარკვეულწილად, კომპანიის ფილოსოფიას ჰგავს. იცით, ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც ასე ჟღერს - იოცნებეთ დიდზე და შეუძლებელსაც მიაღწევთ, ეს არის ჩვენი მამოძრავებელი მოტივაცია.

თქვენ ბაზრის მოცულობა ახსენეთ - დიდი სულაც არ ნიშნავს სწორს ან საუკეთესოს. ვალიდურია კითხვაც, თუ რატომ საქართველო? საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, რატომ? - იმიტომ, რომ ქართველი მომხმარებელი გამჭრიახია და ესმის, თუ რა გემო აქვს საუკეთესო არაყს. ასევე, ეს არის ბაზარი, სადაც საოცარი დისტრიბუტორი გვყავს. ბრენდის და ხარისხის მიღმა, მთავარი კითხვაა, გვაქვს თუ არა სწორი კულტურა არჩეული? გვყავს თუ არა სწორი დისტრიბუტორი და პარტნიორები, რომლებიც ერთი მხრივ, იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და მეორე მხრივ, წარმოაჩენენ საჭირო უნარებს? საქართველოში ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს.

წარმოიდგინეთ, იდეალური კომბინაციაა: შესანიშნავი დისტრიბუტორი პარტნიორი ქართული კომპანია “გაგრა პლუსის” სახით, მომხმარებელი და გუნდი - მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი კოქტეილი გვაქვს.

გიორგი: როგორ გრძნობს ბრენდი თავს ქართულ ბაზარზე? არის თუ არა რაიმე პრობლემური საკითხები ადგილობრივ ბიზნეს-კლიმატთან ან ბიზნეს ოპერაციებთან დაკავშირებით?

დემიანი: ძალიან კარგი შეკითხვაა. გულწრფელი ვიქნები, რატომ ვარ აქ? - იმიტომ, რომ იმედგაცრუებული ვარ. გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება, რომ ბრენდი Stoli, რომელიც 1997 წელს ლეგიტიმურად შეიქმნა და სავაჭრო ნიშანიც ღია წესით პრაისვოტერჰაუსკუპერსის (PwC) საშუალებით ბაზარზე შეიძინა, საქართველოში სამართლებრივ წინააღმდეგობებს ხვდებოდეს და მას ვაჭრობის უფლება შეზღუდული ჰქონდეს.

2000 წელს ჩვენ ლატვიაში მოგვიწია თავშესაფრის ძებნა, რადგან ცხადი იყო, რომ პუტინს არ მოსწონდა ჩვენი წარმატების იდეა, მას ალტერნატიული მიდგომა სურდა. მაშასადამე, მე არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ ლეგიტიმურად შეძენილ ბრენდს, ლეგიტიმური სავაჭრო ნიშნით, რაღაც სამართლებრივი მიზეზის გამო ეთქვას ვაჭრობაზე უარი.

მეორე, მე არ მესმის, როგორ უნდა შეაჩერო ბრენდი, რომელსაც მომხმარებელი გულწრფელად ითხოვს და მოსწონს, რადგან ის არის საუკეთესო ხარისხისა და დიახ, აქვს სპეციალური რეცეპტიც.

მესამე, არ მესმის, როგორ უნდა შეაფერხო ბრენდი, რომელმაც აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს იმას, რისიც სწამს და რეალურად უკეთეს სამყაროს ქმნის. საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, არ მესმის, რატომ გვაჩერებენ.

მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რათა თავად დავაკვირდე პროცესს, გავატარო დრო გუნდთან ერთად და დავამშვიდო ისინი. გულწრფელად, დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, ჩვენი პოზიცია გაგვეჟღერებინა - გთხოვთ, დაგვაბრუნეთ თაროებზე.

გიორგი: სწორად გავიგე, სასამართლო პროცესები და დავები ისევ გრძელდება?

დემიანი: დიახ, აქ, საქართველოში ისევ გრძელდება. ახლა ჩვენ ვართ სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე. მოვიგეთ საქმე ზემდგომ სასამართლოში, მაგრამ ქვედა სასამართლოში კვლავ გვაყოვნებენ. ამ საქმის დეტალებში განხილვის უფლება არ გვაქვს.

გიორგი: თქვენ ახსენეთ FKP, რომელსაც ფაქტობრივად რუსული სააგენტო უწოდეთ, რადგან 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაშია.

დემიანი: დიახ, სწორედ ასეა. აქ ვართ, როგორც საერთაშორისო, ლეგიტიმური სამეწარმეო ბიზნესი, გვინდა ვიბრძოლოთ ჩვენი ლეგიტიმური უფლებით, რომელსაც აფერხებს რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო სააგენტო.

გიორგი: ეს მხოლოდ საქართველოში ხდება თუ გლობალური პრობლემაა?

დემიანი: 2000 წლიდან, პუტინის მხრიდან საკითხი დგას შემდეგგვარად: ან შინაურულად აკეთებ საქმეს, ან გაძევებული ხარ. ხოლო იური შეფლერის შემთხვევაში საქმე ასეა: მან თქვა, “მე ამ ყველაფრის მიღმა ვარ, მე არ ვაპირებ მონაწილეობას კორუფციაში”. Stoli-ს დამფუძნებელმა ეს ყველაფერი ძალიან ადრე დაინახა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

გიორგი: გეთანხმებით.

დემიანი: და სწორედ 2000 წლის შემდეგ, ჩვენ რუსეთის გარეთ ვართ. მოგვიხსენიებდნენ, როგორც წინააღმდეგობას. ჩვენ დიდი ხანია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, შესაძლოა, აქამდე არ მოვხვედრილვართ ფართო საზოგადოების რადარზე, რადგან ამ კუთხით არავინ გვაქცევდა დიდ ყურადღებას. როცა 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ჩემთვის აშკარა იყო, რომ ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებოდით და საზოგადოებას ამ როლით გავეცნობოდით. გარკვეულწილად, ეს ამბავი ეხება სასაქონლო ნიშნის გამოწვევებს. ლოგიკურად, ჩვენ ხშირად გვიჩნდებოდა კითხვები ამასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ნათელია - ეს პოლიტიკაა.

გიორგი: დიახ, ასეა.

დემიანი: და მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც არასდროს ვიქნები.

გიორგი: ჩვენი საუბრის ამ ნაწილის დასკვნის სახით, Stoli Group-ი საქართველოში და მთელ მსოფლიოში ძირითად სისტემებში სასამართლო დავებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან, მართალი ვარ?

დემიანი: დიახ, ეს სიმართლეა.

გიორგი: და ეს იურიდიულად მართებულია?

დემიანი: დიახ, ეს არის იურიდიულად მართებულია. ეს ყოველივე ხდება FKP-ის მეშვეობით, მაგრამ იურიდიულად ასეა: ჩვენ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები