"მთავარია, ჩვენი თვითშეგნება", - ამ სიტყვებით პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა შეზღუდვების მაქსიმალურად შემსუბუქების და მოხსნის მომხრე.
„ზუსტად 4 დღეში 2 წელი გავა, რაც covid-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ მთავარია მოსახლეობის თვითშეგნება. აღმოსავლეთის ქვეყნებში პირბადე სავალდებულო არ არის, თუმცა ყველა ატარებს, ამიტომაც მართავენ ისინი პანდემიას.
შესაძლოა, იზოლაციის ვადები არავინ შეამოწმოს, მაგრამ თუ ინფიცირებულია ადამიანი, თვითშეგნებით უნდა გადავიდეს იზოლაციაში, რომ სხვაც არ დააინფიციროს. პირბადე უნდა ვატაროთ, რადგან აცრის მაჩვენებელი არ გვაქვს მაღალი, ისევე როგორც პირბადის ტარების.
ჩვენ რომ აცრის მაჩვენებელი გვქონდეს 90% და ბუსტერი გვქონდეს ინგლისივით 70%, დღეს გადავწყვეტდით, რომ პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილიყო, მაგრამ ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე და აცრა. ომიკრონს იმდენად მცირე ინკუბაციის პერიოდი აქვს და იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ სხვა დამცველი საშუალება არაფერია, პირბადე უნდა ვატაროთ და უნდა ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.




























