მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობა დახურულ კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ლოგიკას არ ექვემდებარება”

6010456661139
მარიამ ადამია
26.01.21 22:00
824
“კარგი კომუნიკაცია კერძო და საჯარო სექტორს შორის, არ მახსოვს არცერთი ხელისუფლების პერიოდში და ეს არის მთავარი პრობლემა ყველა კრიზისის დროს. ამიტომაც იღებს მთავრობა დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება” - ასე უპასუხა, ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ნატალია ბახტაძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” დასმულ შეკითხვას, თუ რა აზრი აქვს დახურული ტურისტული ობიექტებისა და შეზღუდული ტრანსპორტის პირობებში ფრენების 1 თებერვლიდან აღდგენას.

მისი თქმით, ჩვენ არ გვაქვს შეუზღუდავი ფინანსური რესურსი, შესაბამისად არ გვაქვს მუდმივად არასწორი გადაწყვეტილებების მიღების დრო და საშუალება.

“იმის მაგივრად რომ დაარეგულირონ, გახსნან, გადაანაწილონ, პირიქით ალოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და მივდივართ იქამდე, რომ ძალიან ბევრი ადამიანის კონცენტრირება ხდება ბორჯომის ან კახეთის ბრენდულ სასტუმროებში. მიკვირს საერთოდ როგორ გადარჩა ის ბიზნესი, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურობს და როგორ არ დაყარეს ადამიანებმა ფარ-ხმალი. შეუცდომელი არავინაა და რა თქმა უნდა, დავუშვით ორივე მხარემ შეცდომები, თუმცა, ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია კომუნიკაციით, რომელიც არ გვაქვს,” - აღნიშნა ნატალია ბახტაძემ.

ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ისაუბრა ასევე რეგულაციების პრობლემაზეც, რომელიც არ შეიძლება ყველასთვის ერთი და იგივე იყოს და მათი დიფერენციაცია სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს.

“ჩვენ ვნახეთ ზაფხულში, რომ ის რეგულაციები, რაც იყო რესტორნებისთვის დაწესებული შესაბამისობაში არ მოდიოდა მცირე საოჯახო მარნებთან ან კვების ობიექტებთან, რომლებიც იყვნენ რეგიონებში და შესაბამისად ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები, მაგალითად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გარდა სასტუმროებისა. მაგრამ ამის გამო კი არ უნდა დავკეტოთ ქვეყანა სრულად, პირიქით გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, იმისათვის რომ ყველას ერთი და იგივე პირობა მოვარგოთ, ამას ფინანსურად ვეღარ ვუძლებთ, ამას არაეფექტური მართვისკენ მივყავართ და როგორც ჩანს სიცოცხლისუნარიანობაც ნელ-ნელა იკლებს”, - აღნიშნა ნატალია ბახტაძემ.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან საერთაშორისო რეგულარულ ავიარესებზე შეზღუდვებს ხსნიან, თუმცა, თუ როდის შეძლებს უცხოელი ტურისტების მიღებას ქვეყანა, ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები