მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მტკიცებულებები სახეზეა"- ფადი ასლი სადავო სასამართლო გადაწყვეტილებებს იხსენებს

643a476652b96
ელენე კვანჭილაშვილი
17.04.23 14:10
1046
„მტკიცებულებები სახეზეა“ – ასე ეხმიანება ICC Georgia-ს თავმჯდომარე ფადი ასლი ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკა"–სთან ინტერვიუში მთავრობის მოთხოვნას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მტკიცებულებებით გაამყაროს საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციის დაწესების გადაწყვეტილება.

„მტკიცებულებაა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქეისთან შეუსაბამოა“ – ამბობს ფადი ასლი და კონკრეტულ მაგალითებად მოჰყავს ე.წ. Phillip Morris-ისა და BAT-ის საქმეები.

2017 წელს ამ საქმეებს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ორივე ამ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავდა დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, ჰქონდათ თუ არა თამბაქოს ბაზრის მოთამაშეებს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, რასაც კრძალავდა კონკურენციის შესახებ კანონი. ორივე კომპანია სადავოდ ხდიდა, აღემატებოდა თუ არა მისი წილი თამბაქოს ბაზარზე 40%–ს, თუმცა, სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ იმსჯელა.

ამასთან, სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე – ეს მაშინ, როცა დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. საქართველოს მთავრობა 2015 წლის ნოემბერში მართლაც ამზადებდა ანტიდემპინგურ კანონპროექტს, თუმცა საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს ინიციატივა განუხორციელებლი დარჩა.

„მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ორივე კომპანიას ჯამში 140 მილიონი დააკისრა – იმ კანონის საფუძველზე, რომელიც საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა“ – ამბობს ფადი ასლი "ანალიტიკა"–სთან ინტერვიუში.

ვლადიმერ კაკაბაძე დღეს სანქცირებულ მოსამართლეებს შორის არ არის, თუმცა ის ერთ–ერთია, ვინც შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და ქართული სასამართლოს დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტებს.

"ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია", - დაწერა ვლადიმერ კაკაბაძემ და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვიეტნამის ომთან დაკავშირებით კითხვით მიმართა.

აქვე შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები