მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთლიან სისტემას რეფორმა სჭირდება, ავტოსკოლებიდან დაწყებული გამოცდით დამთავრებული" - მესხიშვილი

638cb8e63cff2
BM.GE
04.12.22 18:50
1370
მართვის მოწმობის გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ისეთი ცოდნის მიღებას უკავშირდება, რომელიც ყველა მძღოლისთვის აუცილებელია.

მისივე ცნობით, რეფორმის შედეგად საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი ამაღლდება და ქართული მართვის მოწმობის ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება.

"სიახლე ხალხში არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერდა, თითქოს მძღოლობის კანდიდატმა ტექდათვალიერება უნდა გააკეთოს, რომ მართვის მოწმობა აიღოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, აქ საუბარია ელემენტარულ, საგზაო უსაფრთხოების ცოდნასა და საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაზე. ეს არის ზეპირი კითხვები იმის შესახებ თუ სად არის საბურავი, როგორ უნდა შემოწმდეს ძრავის ზეთი, სამუხრუჭე სისტემის გამართულობა და ა.შ. - ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც ყველა მძღოლობის კანდიდატისთვის აუცილებელია და ვერ ვხვდები, რატომ მოყვა ამ ცვლილებას ასეთი აჟიოტაჟი.

"რაც მთავარია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მართვის მოწმობა ევროკავშირის ქვეყნებში არ არის აღიარებული, რადგან ჩვენთან არსებული გამოცდა არ არის ჰარმონიზაციაში ევროპის მოთხოვნებთან, აღნიშნული ცვლილება კი ევროდირექტივით მოითხოვება", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მესხიშვილი "საქმიანი დილის" ეთერში ამბობს, რომ მართვის მოწმობის მთლიან სისტემას რეფორმა სჭირდება, რადგან საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ავტოსკოლები რეგულირებული არაა.

"მიკვირს, საზოგადოების დისკუსია არასწორ აქცენტებზე რატომ მიმდინარეობს, სწავლის წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს ვინმე, დღეს მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელსაც არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა არ აქვს, ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ავტოსკოლები რეგულირებული არაა და თვითმარქვია დაწესებულებები, რომლებმაც ავტო სკოლა დაირქვეს, ერთგვარი კოდებით და ხრიკებით ასწავლიან მძღოლობის კანდიდატებს. ეს არის სფერო, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესთან, ამიტომ ინსტრუქტორი უნდა იყოს სერტიფიცირებული და შესაბამისი კვალიფიკაციის მცოდნე.

მთლიანი სისტემა საჭიროებს რეფორმას, ავტოსკოლებიდან დაწყებული გამოცდით დამთავრებული, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს ამ სისტემას და განათლების სამინისტროც უნდა ჩაერთოს, რათა შეიქმნას ერთიანი სასწავლო გეგმა", - განმარტავს დავით მესხიშვილი.

რაც შეეხება ცოტა ხნის წინ განხორციელებულ რეფორმას, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას გულისხმობს, დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ამ ცვლილების შედეგად გამოცდაში უფრო მეტი ადამიანი იჭრება, რისი მიზანიც ისაა, რომ მართვის მოწმობა მხოლოდ შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებმა მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდას კიდევ ერთ ეტაპი დაემატება, რაც ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას გულისხმობს. კერძოდ, მძღოლობის კანდიდატმა გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით მათ შორის ზეპირად უნდა გასცეს პასუხი. ასეთი დავალება შეიძლება შეეხებოდეს, პირობითად თუ როგორ მოწმდება ძრავაში ზეთის აუცილებელი დონე, ასევე მოუწიოს განმარტება როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები