მას შემდეგ რაც მთავრობამ ე.წ მწვანე პასპორტის სისტემის ამოქმედება დააანონსა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ ის წარმატებით იმუშავებს, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა შეუმსუბუქდებათ. შეხსენებისთვის, უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანაში კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობენ.
რესტორნების ქსელის მმართველი კომპანია „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ვანო სტურუა აცხადებს, რომ სწორი იქნებოდა “მწვანე პასპორტის” სისტემის ამოქმედებასთან ერთად რესტორნებისთვის 23:00 საათამდე მუშაობის შეზღუდვა მოხსნილიყო. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
როგორც მან BMG-ის უთხრა თუ მოქალაქეებს მხოლოდ ამ დათქმებით დაუშვებენ, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა დაიკეტოს რესტორანი 23:00 საათზე.
“მწვანე პასპორტების” სისტემას თუ დანერგავ, შეზღუდვის მოხსნა ლოგიკურია. რატომ აწესებ შეზღუდვას თუ მხოლოდ აცრილი ან/და გატესტილი მომხმარებელი შევა კვების ობიექტში. არ უნდა ამას დაკვირვება, როგორც კი ეს სისტემა დაინერგება, მაშინვე უნდა მოიხსნას საათობრივი შეზღუდვა. ვფიქრობ, არასწორი მიდგომაა და ამას დაკვირვება არ სჭირდება", - აცხადებს ვანო სტურუა.
მისივე თქმით, ე.წ მწვანე პასპორტების ამოქმედების შედეგად რესტორნებს მომხმარებელი შეუმცირდება, თუმცა, სისტემის დანერგვა აუცილებელია.
“რესტორნებისთვის საკმაოდ მძიმე იქნება, რადგან მომხმარებელი შემცირდება. ისედაც ძალიან შემცირებულია სტუმრების რაოდენობა კორონავირუსის გამო, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. სულ ასე ხომ არ ვიქნებით?! მე თუ მკითხავთ უფრო რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც უნდა ეხებოდეს. ასევე ძალიან ბევრ სხვა დაწესებულებას, მათ შორის საჯარო სამსახურს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ეს ყველაფერი,” - აცხადებს “მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელი.