მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაბერაული" საფრანგეთში გაიყიდება - "აზიის ბაზარზეც ვაპირებთ გასვლას"

62c59eea2166a
მარიამ იზორია
06.07.22 21:11
695
"ნაბერაულის" რაჭული და ლეჩხუმური ღვინოები საფრანგეთის ბაზარზე გაიყიდება. კომპანიამ საწყისად საფრანგეთში რამდენიმე ასეული ბოთლი გაგზავნა. უახლოეს პერიოდში კი მომდევნო შეკვეთა შესრულდება.

როგორც "ნაბერაულის" საექსპორტო გაყიდვების ხელმძღვანელი სოფო კობაიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, მათი ღვინოები, სრული ასორტიმენტით სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ, ლანგედოკის რეგიონში დაასაწყობეს, რაც კომპანიას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ღვინის უმოკლეს დროში გაგზავნის საშუალებას აძლევს.

“საფრანგეთის საწყობში კლასიკური მეთოდით დაყენებული რაჭული მწვანე, ცოლიკოური, ტვიში, ალექსანდროული, საფერავი-ძელშავი, ხვანჭკარა და ქვევრის რაჭული მწვანე გვაქვს განთავსებული. ფრანგ მომხმარებელს კი განსაკუთრებით ცოლიკოური და ალექსანდროული მოსწონს. ფრანგი მომხმარებელი საკმაოდ მკაცრად აფასებს უცხოურ, იმპორტირებულ ღვინოს და გვიხარია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს მიმართ ინტერესი იზრდება. ამაში განსაკუთრებული როლი ქვევრის მეთოდმა ითამაშა. საფრანგეთის გარდა, ჩვენი ღვინო 7 საექსპორტო ბაზარზე, მათ შორის ბრიტანეთში, ფინეთში, უკრიანაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და პოლონეთში იყიდება. რაც შეეხება მოცულობას, აშშ-ში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინოს ვგზავნით” - აღნიშნავს სოფო კობაიძე.

“ნაბერაულის” წარმომადგენელი ექსპორტის მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, კომპანია აზიის ბაზარზე გასვლაზეც მუშაობს.

“ნაბერაული ახალგაზრდა ბრენდია და პირველი საოპერაციო წელი ბაზარზე სულ ახლახან დაასრულა, ადგილობრივი გაყიდვების და ექსპორტის გაყიდვების წილები თითქმის თანაბარია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ექსპორტის წილის ზრდას ველით.

რაც შეეხება ახალ ბაზრებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თავდაპირველი მიზანი ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე შესვლა იყო, რაც უკვე მოვახერხეთ, ამ ეტაპზე აზიის მიმართულებით ვართ მობილიზებული” - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები