მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნადი გრუპი“ ლოკოკინის ნახევარფაბრიკატების წარმოებას იწყებს

612ce675a4036
თამთა ჯიჯავაძე
31.08.21 10:25
1911
ლოკოკინების მწარმოებელი „ნადი გრუპი“ ნახევარფაბრიკატების წარმოებას იწყებს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ოქტომბრიდან ლოკოკინის ხორცის ნახევარფაბრიკატი უკვე სავაჭრო ობიექტებში გამოჩნდება.

„ლოკოკინების ფერმასთან ახლოს გვაქვს მინისაწარმო, სადაც ვიწყებთ ნახევარფაბრიკატების წარმოებას“, - განაცხადა ნადარაიამ.

მისივე თქმით, წელს ლოკოკინების საწარმო, დაახლოებით, 50 ტონა მოსავალს ელოდება. გარდა ამისა, ისინი სხვა ფერმერებისგანაც ყიდულობენ ლოკოკინას, რომლის ნაწილის ექსპორტზე გატანაც იგეგმება. მერაბ ნადარაიას განცხადებით, კომპანია 100 ტონა ლოკოკინის ჩინეთში გატანას აპირებს.

„ველოდებით საბოლოო კონტრაქტებს; დაახლოებით, დეკემბრის ბოლოსთვის ალბათ გავიტანთ. ვფიქრობთ, პირველი პარტია 100 ტონა იქნება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჩინეთი არ არის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი, სადაც წელს „ნადი გრუპის“ ნაწარმის გატანა იგეგმება. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იტალიასთანაც, სადაც ოქტომბრის პირველ ნახევარში 30 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტს გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ „ნადი გრუპის“ გეგმებში ლოკოკინების ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნაც შედის.

„უცხოელ პარტნიორებთან დავასრულეთ მოლაპარაკება და პროექტირების ეტაპზე ვართ. ტექნოლოგიური დეტალები მზად გვაქვს და ახლა სამშენებლო კომპანიას ვეძებთ. ვფიქრობთ, გაზაფხულზე დავასრულებთ მშენებლობას. ინვესტიციის მოცულობა 1.5 მლნ ევროა“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.

ცნობისთვის: ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპმა“ ხობში 2017 წელს ააშენა და მასში 1,8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. საწარმოს აშენებაც ხობში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები